რეზონანსი
13.05.2025

"რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობის გამო პოლიციამ ორი კაცი მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავა. მათგან ერთი, 36 წლის ივანე გიგლემიანი, სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის არის ნასამართლევი.

ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ხულიგნური ქვენაგრძნობით და სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

45 წლის რაჯი პაკელიანს კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, „რატის ბარში“ ბრალდებულმა კაცმა ალეკო შაკიაშვილს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები დანით მიაყენა. ახალგაზრდა მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელიც პროკურატურის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, განზრახ მკვლელობა, ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

„რატის ბარის“ სიახლოვეს დასაქმებულებმა, რომლებიც გაზეთებსა და ყვავილებს ყიდიან, 11 მაისს, გამთენიისას, ბარში მომხდარი მკვლელობის შესახებ ბევრი არაფერი იციან:

„მე დილით ადრე, 8 საათიდან ვიწყებ მუშაობას. რომ მოვედი, უკვე ყველაფერი დასრულებული იყო. ბარი ღამით, დაახლოებით 9 საათიდან იხსნება. არის ხოლმე დღეები, როცა გვიან ღამემდე ვრჩები, ბიჭები ყვავილებს ყიდულობენ გოგოებისთვის...სწორედ აქედან ვიცი, რომ დაცვა სულ დგას ბართან.

თქვეს, რომ მკვლელობა შიგნით, ბარის ტერიტორიაზე მოხდა. რაც მე მინახავს, ბარის დაცვა სულ ამოწმებს ბარში შემსვლელებს, რაიმე აკრძალული ხომ არ შეაქვთ. ამიტომ უცნაურია, როგორ შეიტანა იმ ადამიანმა ბარის ტერიტორიაზე დანა, თუკი მართლა ბარში მოხდა მკვლელობა“, - უთხრა "რადიო თავისუფლებას" ყვავილების გამყიდველმა ქალმა.

რადიო თავისუფლება

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×