რეზონანსი
24.05.2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმ ქვეყნების ორმაგ სტანდარტზე საუბრობს, რომელთაც ზურა ჯაფარიძის დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვეს და ხელისუფლებას უსაფუძვლო დაპატიმრებასა და პოლიტიკურ დევნაზე მიუთითეს. საპასუხოდ, შალვა პაპუაშვილი მათ კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვისკენ მოუწოდებს და ოპოზიციონერი ლიდერების იმ საქმეებს ახსენებს, რაზეც პარტნიორები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ ქართული მართლმსაჯულების ყველა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ხელისუფლება კრიტიკას პასუხობს, ოპოზიცია კი ისევ ერთმანეთში არკვევს - უნდა გადაეხადა თუ არა გირაო ზურა ჯაფარიძეს. მწვავე დაპირისპირების ფონზე, გახარიას პარტია ექსპრემიერის საგამოძიებო კომისიაზე მისვლას კიდევ ერთხელ და უფრო ამართლებს. სამაგიეროდ, გახარიას სხვა პარტიები ოპოზიციური შეთანხმების დარღვევას ახსენებენ.

რისკი გათვალისწინებული აქვს გიგა ბოკერიასაც, თუმცა მაგალითად ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს ეს საფრთხე არ ემუქრება. ყოფილი თანაგუნდელის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე გვარამიამ ღიად მიანიშნა, რასაც ფედერალისტების თავმჯდომარის ვრცელი პასუხი და ერთგვარი წამოცდენაც მოჰყვა..

საგამოძიებო კომისიის წევრები ოპონენტებს კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ მათ არჩევანის თავისუფლება აქვთ. თუმცა იქვე მოუწოდებენ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგები მიიღონ და პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ..

ვაშაძე, მელია და გვარამია - სწორედ ამ თანმიმდევრობით გაიმართება მორიგი სასამართლო პროცესები. გიორგი ვაშაძეს წინასწარი პატიმრობა არ ემუქრება, რადგან მან გირაოს სახით, თავისუფლად მოძრაობისთვის უძრავი ქონება ჩადო. კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერები კი გირაოს გადახდას არ აპირებენ, ნიკა მელია საკუთარ პროცესზე მისვლასაც არ გეგმავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×