
ლონდონში, ხანძრის შედეგად, 3 ბავშვი დაიღუპა. ხანძარი 23 მაისს, გვიან ღამით გაჩნდა. ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო ჯგუფს საცხოვრებელ სახლში ძლიერი ცეცხლი დახვდა.
მეტროპოლიტენის პოლიციის ცნობით, 15 წლის გოგონა და ორი ბიჭი - 8 წლის და 4 წლის, ადგილზე გარდაიცვალნენ. დაღუპულია მათი 43 წლის დედაც.
შემთხვევის ადგილზე აიყვანა პოლიციამ 41 წლის მამაკაცი, რომელიც წინასწარ პატიმრობაში რჩება. ინფორმაციაზე The Telegraph საუბრობს.
შემთხვევა სტოუნბრიჯში, ლონდონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა. ადგილობრივების ცნობით, მეხანძრეებმა ქალი და ბავშვი ერთ-ერთი შენობის მეორე სართულიდან გამოიყვანეს, მათ ადგილზევე გაეწიათ გადაუდებელი დახმარება, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დანარჩენი ორი ბავშვის ცხედარი შენობაშივე იქნა ნაპოვნი.
პოლიციის ცნობით, ლონდონის სასწრაფო დახმარების სამსახურმა კიდევ ორი ადამიანი - 70 წლამდე ასაკის ქალი და მოზარდი გოგო საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უცნობია.
მეხანძრეების მოსვლამდე, შენობის დატოვება ოთხმა ადამიანმა მოახერხა.
ადგილზე 8 სახანძრო მანქანა და დაახლოებით, 70 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. „ეს უკიდურესად ტრაგიკული ინციდენტია და სახანძრო ჯგუფის თითოეული წევრის ფიქრები ამ ინციდენტის და დაზარალებულების გარშემო ტრიალებს“, - აღნიშნა სახანძრო სამსახურის თანამშრომელმა კილი ფოსტერმა.
ლონდონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მეტროპოლიტენის ადგილობრივი პოლიციის ჯგუფის წარმომადგენელმა სტივ ალენმა განაცხადა, რომ პოლიციამ ცხელ კვალზე მამაკაცი დააკავა. „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ლონდონის სახანძრო სამსახურის გამომძიებლებთან ერთად, ხანძრის მიზეზის დასადგენად“, - აღნიშნა მან.
სასწრაფო დახმარების სამსახურები, გამოძიების მიმდინარეობამდე, ადგილზე რჩებიან.