სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.03.2018

     (რეზონანსი) საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ხალხურად იგივე ჩიყვი, მეტად აქტუალური პრობლემაა, მკერდისა და საშვილოსნოს კიბოს შემდეგ ეს დაავადება მესამე ადგილზე დგას. ექიმების თქმით, 1990-იან წლებთან შედარებით ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული მკურნალობის რაოდენობა დაახლოებით 8-9-ჯერაა გაზრდილი და თებერვლიდან საქართველოში ამ ოპერაციის ახალი მეთოდი, თანამედროვე ტექნოლოგია დაინერგა - ოპერაცია ყელზე განაკვეთისა და ოპერაციის შემდგომ ყელზე დარჩენილი ნაწიბურის გარეშე.

    მთელი ევროპის მასშტაბით საქართველო მე-5 ქვეყანაა, სადაც ოპერაცია ასეთი ტექნოლოგიით ტარდება. საქართველოში პირველი ასეთი ოპერაცია თავისა და კისრის ქირურგ-ონკოლოგმა ლევან რამიშვილმა თურქ კოლეგებთან ერთად თებერვლის დასაწყისში ჩაატარა. ახლა უკვე მეორე ოპერაციაც დაიგეგმა. ის უახლოეს დღეებში ჩატარდება და როგორც რამიშვილი აცხადებს, მარტიდან ოპერაციის ეს ტექნიკა უკვე სისტემატურ ხასიათს მიიღებს. მისი თქმით, ინტერესი დიდია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

    ქირურგ-ონკოლოგი ამბობს, რომ საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ძალიან გავრცელებულია და ამ ავადობიდან ოპერაციული ჩარევა დაახლოებით 25%-დან 35%-ს სჭირდება. თუკი ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია ადრე ტარდებოდა კანზე განაკვეთით და ყელზე ოპერაციის კვალი რჩებოდა, ახლა დაიწყო ერთგვარი ახალი ერა - ოპერაცია ენდოსკოპიური მეთოდით, კანზე განაკვეთის გარეშე პირის ღრუდან მიდგომით კეთდება.

    „განაკვეთი არის პირის ღრუში და არა კანზე და ეს ესთეტიკური თვალსაზრისით ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცებისთვის ძალიან მიმზიდველია. პირის ღრუ არის ყველაზე უმოკლესი გზა, რომ ფარისებრ ჯირკვალს მივუდგეთ და შედარებით ნაკლებად ტრამვირებულად შესრულდეს ეს ოპერაცია. გარდა იმისა, რომ კანზე განაკვეთი არ არის, ამ ოპერაციის უპირატესობა ასევე არის პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი, რომელიც გრძელდება მხოლოდ 1 დღე. პაციენტი 1 დღეში უკვე სახლშია და ნაკლებად ტრამვირებადია ეს ყველაფერი.

    „ეს ოპერაციები მთელ მსოფლიოში დაინერგა დაახლოებით 6 წელია. პირველად დაინერგა კორეასა და ტაილანდში და მათგან მერე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ევროპაში ჩვენ ვართ მე-5 ქვეყანა, ვინც ეს ოპერაციები დანერგა," - ამბობს თავისა და კისრის ქირურგი, ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ლევან რამიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved