სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.03.2019

     ფილოლოგი ნესტან რატიანი სოციალურ ქსელში ნესტან – ნენე კვინიკაძის გაეროში გამოსვლის იმ ნაწილს აკრიტიკებს, სადაც მწერალმა იმის შესახებ ისაუბრა, რომ „შუშანიკის წამება“ ფემინისტური ნაწარმოებია:

    "ჩემი მეგობრების გარკვეული ნაწილი ქართულის მასწავლებელია, თანაც კარგი მასწავლებელი. მათ იციან, ქართულის მასწავლებლების მრავალრიცხოვანი არმიის დიდი იმედი რომ არა მაქვს, თორემ ამაზე, რაზეც ახლა ვწერ, ფიქრით თავს როგორ ავიტკიებდი. თან ნენე კვინიკაძის გამოსვლის გამზიარებელთა რეკორდული რაოდენობაც მაფიქრებს.

    გამოსვლას ვეღარ ვუყურე, ტექსტის წაკითხვა დავიწყე და გული გამიჩერდა: გამომსვლელი საყვედურობდა ქართულის მასწავლებელს, რომელმაც დაუმალა, რომ შუშანიკი ფემინისტური რომანი იყო. ვიტირო? ვერ ვიტირებ, რადგან მიხარია, კარგი მასწავლებელი რომ ჰყოლია ამ ადამიანს და სწორად უსწავლებია, რომ ცურტაველის ნაწარმოები ჰაგიოგრაფიაა.

    ნენე კვინიკაძის დანაშაული ისაა, რომ მან გაიმეორა იმ ვიღაცის შეფასება, რომელიც უვიცი იყო და არც ტერმინოლოგიაში, ვერც ჟანრის კანონებში ვერ ერკვეოდა. მე მახსოვს, პირველად ვინც თქვა და უწოდა მეხუთე საუკუნეში დაწერილ ტექსტს ფემინისტური. ისიც მახსოვს, ფრანკფურტისთვის საგანგებოდ გამზადებულ ვიდეორგოლში ცურტაველს, რომ ქართველ ფემინისტ მწერალს უწოდებდნენ.

    ახლა წარმოგიდგენიათ, ქართულის მასწავლებლებმა, იმის შიშით, რომელიმე მოსწავლემ ტრიბუნიდან უვიცობა არ დამაბრალოსო, შუშანიკის "სწორად" სწავლება რომ დაიწყოს, რა სავალალო შედეგს მივიღებთ?

    მრცხვენია, ამ თემაზე წერილი როგორ დავწერო, კარგი ლიტერატორები ხომ დამცინებენ. არადა, ხმაც რომ ამოსაღებია?

    ხვალ და ზეგ კიდევ და კიდევ რომ გაიმეორონ სხვებმაც ეს სისულელე (დიახ, სისულელე) და მერე ვიღაც სერიოზული მკვლევარი რომ დაინტერესდეს, ნეტა, რითი ტრაბახობენ ეს ქართველებიო, ხომ მოგვეჭრება თავი, რომ გამყალბებლები ვართ? სხვა მეზობელ ერებზე კარგად ვღლიცინებთ ხოლმე, გაყალბების ოსტატები არიანო და ჩვენ რომ დიდოსტატები ვართ, ეგ არაფერი?

    სულ ესაა. სანამ გამაკრიტიკებდეთ (არ ვაპირებ უარგუმენტო მოსაზრებების მოსმენას და არაფრისმომცემ დისკუსიაში ჩაბმას), ფემინიზმის ისტორიას და ლიტერატურის კარგ სახელმძღვანელოებს ჩახედეთ (ოღონდაც სანდო ავტორები წაიკითხეთ), ჰაგიოგრაფიის პარადიგმა გაიხსენეთ, დაფიქრდით, რა აინტერესებს ჰაგიოგრაფს, მოწამე და წმინდანი თუ გენდერი და ასაკი და მერე მესროლეთ ქვა".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×