სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.05.2019

    8 მაისს, რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მედიატური გაიმართა. ჟურნალისტები გაეცნენ დაწესებულებაში არსებულ სიტუაციას და შეხვდნენ ბენეფიციარებს, რომლებიც დასაქმებულები არიან სიდას მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოწყობილ ყვავილების სათბურში. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა" ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში".

    აღნიშნული პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) და DVV საერთაშორისო. პროექტის მიზანია მოახდინოს პატიმარი, ყოფილი პატიმარი, პირობითი მსჯავრის მქონე და განრიდებული პირებისა და მათი ოჯახის წევრების პროფესიული განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარება - სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობის გზით.

    საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, პროექტის ფარგლებში კოორდინირებას უწევს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. პენიტენციურ დეპარტამენტთან შეთანხმებით, განხორციელდა 3 მიზნობრივი დაწესებულების (#5, #16, #15) შერჩევა, სადაც აშენდა და გაიმართა სამი სათბური, და განხორციელდა კენკროვანი კულტურებისა და ყვავილების წარმოების თეორიული და პრაქტიკული კურსი სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით; განხორციელდა სასათბურე კონსტრუქციებისა და სანერგე ჩითილებისთვის ადგილების მოწყობა და ყვავილებისა და მარწყვის წარმოება. პროექტის ორგანიზატორებმა „რეზონანს" განუცხადეს, რომ თვის ბოლოს იგეგმა ყვავილების რეალიზებაც.

    თეონა კილაძე „სიდას" პროექტის მენეჯერი „რეზონანსთან" ამბობს, რომ მიმდინარეობს გარკვეულ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები, რათა პატიმრების მიერ მოყვანილი ყვავილების რეალიზება და პოპულარიზება მოხდეს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ მსჯავრდებულებს ამ კუთხით მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ და ასევე შემოსავალი მიიღონ.

    მსჯავრდებული ჯოკია ბოდოკია ამბობს, რომ ამ საქმით დაინტერესება თავადაპირველად იმიტომ გადაწყვიტა, რომ ციხეში დრო უფორ სწრაფად გასულიყო, თუმცა შემდეგ აღმოაჩინა, რომ ეს საქმე შეუყვარდა და პროფესიული კუთხითაც დაინტერესდა.

    „თავიდან ვიფიქრე, რომ დროს გავიყვანდი და რაღაცაზე ყურადღების გადატანის საშუალება მექნებოდა. თუმცა შემდეგ აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ კარგი საქმეა და რაც უფრო დრო გადის ვხვდები, რომ უფრო მეტად მიყვარდება და ვინტერესდები. ყველაზე კარგი ის შეგრძნებაა, როდესაც ასეთ დახურულ სივრცეში ხვდები, რომ რაღაც კარგს და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ. გამიხარდება თუ ეს საქმიანობა კიდევ გაგრძელდება",-აცხადებს „რეზონანსთან" მსჯავრდებული.

    ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანი და ამოცანაა, როდესაც მსჯავრდებულები საპატიმროს დატოვებენ ან თვით დასაქმებულები იყვნენ ან კიდევ ამ სფეროში დასაქმება მარტივად შეძლონ.

    „როდესაც ამ დაწესებულებიდან მათივე მოყვანილი ყვავილების რეალიზება მოხდება შემოსავალი მათაც ექნებათ. ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ როდესაც პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს, მათ თვითდასაქმება შეძლონ და გარეთ ადაპტაცია გაუადვილდეთ. ან კიდევ ამავე სფეროში მუშაობა შეძლონ. ამ პროექტის ფარგლებში ვასწავლით იმას, რასაც შემდეგ ცხოვრებაში გამოიყენებენ. როგორც ხედავთ სწავლება კარგად და შედეგიანად დასრულდა",-აცხადებს ზამბახიძე.

    პროექტის ავტორები ამბობენ, რომ სათბურები პატიმრების სურვილის და დაინტერესების მიხედვით გაიზრდება. მათი თქმით, ამ ეტაპზე პროექტი წარმატებით განხორციელდა და მათი სამომავლო გეგმები ამ სფეროს მსჯარდებულებში პოპულარიზება იქნება.

    ავტორი: ელზა პაპოშვილი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×