სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.06.2019

    3 მაისს ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეში ახალი დეტალია, რომელმაც შესაძლოა გამოძიება თავდაყირა დააყენოს. დანაშაულის იარაღზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის დნმ არ აღმოჩნდა. შესაბამისი ექსპერტიზის შედეგები მხარეებს უკვე გადაეცათ. ექსპერტიზის დასკვნით, იარაღზე, რომლითაც ოთხი ადამიანი ადგილზე მოკლეს, მეხუთე კი მიყენებული ჭრილობებით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, სხვა პირის დნმ ფიქსირდება.

    თავდაპირველად, სოფელ ყანდაურაში მკვლელობის ბრალდებით, 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს. მას ბრალი შვილის, რძლისა და ორი მეზობლის მკვლელობაში წარუდგინეს. შემთხვევის დროს თავის არეში ასევე მძიმედ დაიჭრა ომარ გამყრელიძის მეუღლე, 76 წლის ელზა გამყრელიძე, რომელიც ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.

    ომარ გამყრელიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით გაცხადდა, რომ ომარ გამყრელიძის მეორე შვილზე პოლიციამ ძებნა გამოაცხადა, ხოლო შვილიშვილი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.

    ინფორმაციას, რომ დანაშაულის იარაღზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის დნმ არ დაფიქსირდა, არ უარყოფს ომარ გამყრელიძის ყოფილი ადვოკატი ირინა იჩუკაიძე, თუმცა განმარტავს, რომ ბრალდებულმა მის მიმართ აცილება მოითხოვა, შესაბამისად არსებული მასალები მთლიანად ახალ ადვოკატს გადასცა.

    „პრაიმტაიმის“ კითხვას – თუ ექსპერტიზის შედეგად იარაღზე ომარ გამყრელიძის დნმ არ აღმოჩნდა, მაშინ ვისი დნმ შეიძლება ყოფილიყო? – ადვოკატი პასუხობს:

    ,,არ ვიცი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მე აღარ ვარ მისი ადვოკატი. ბრალდებულმა თავიდანვე თქვა, რომ ქალთან ვერ ვისაუბრებ ისე, როგორც მე მინდაო, მაგრამ ვახორციელებდი სავალდებულო დაცვას. ახლა ახლობლებმა კერძო ადვოკატი აუყვანეს”.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეში 85 წლის ომარ გამყრელიძის გარდა, მისი მეორე ვაჟის სახელიც გამოიკვეთა. ამბობენ, რომ ის შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალა, რომ თითქმის ვერავინ დააფიქსირა.

    ოჯახის წევრების მიერ მიცემულ ჩვენებებით ირკვევა, რომ ომარ გამყრელიძის მეორე შვილმა 1 მაისს, ანუ ტრაგედიამდე 2 დღით ადრე, განუცხადა ოჯახს, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება.

    ოჯახის წევრების ჩვენებებით, ის არ გამოსულა მათთან კონტაქტზე და მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მის ადგილ-სამყოფელთან დაკავშირებით. ამჟამად, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დასადგენად.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    გალელი   (18.06.2019)
    თუ დამნაშავე არ არის გამოუშვით,თუმცა გამორიცხული არ არის მასაც ლიკვიდაცია არ გაუკეთონ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved