სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.08.2019

      დავით ქაცარავას გალახვა და შეშინება ასეთი მარტივი საქმე არ არის, მაგრამ დასკვნა შეგვიძლია ის გავაკეთოთ, რომ ეს ხელისუფლება ყველანაირ ზღვარს გადავიდა, - ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს" წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა „ინტერპრენიუსს" ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ლიდერ დავით ქაცარავაზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.

    გურამ ჩალაგაშვილის თქმით, დავით ქაცარავას „ქართულმა ოცნებამ" მიუგზავნა „ტიტუშკები", რომლებიც „შეეცადნენ მის გალახვას".

    „ხელისუფლება არ გვყავს, პრემიერ-მინისტრის იქ არ ჩადის, პრეზიდენტი კომენტარსაც არ აკეთებს და ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩადიან იქ, იცავენ თავის ქვეყანას და თავისი ქვეყნის საზღვრებს როგორც შეუძლიათ ისე, დავით ქაცარავას დღეს „ქართულმა ოცნებამ" მიუგზავნა „ტიტუშკები" და შეეცადნენ მის გალახვას. დავით ქაცარავას გალახვა და შეშინება ასეთი მარტივი საქმე არ არის, მაგრამ დასკვნა შეგვიძლია ის გავაკეთოთ, რომ ეს ხელისუფლება ყველანაირ ზღვარს გადავიდა.

    თუ ადამიანებმა გაფიცვაში მიიღეს მონაწილეობა და აზრის გამოხატვაში, მაშინვე იჭერენ, როგორც ამასწინათ გააკეთეს და 19 პოლიტპატიმარი ჰყავთ", - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

    ჩალაგაშვილი ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაადგინონ ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც თავს დაესხნენ დავით ქაცარავას და გაიგონ რატომ იდგა პოლიცია უმოქმედოდ მაშინ, რომდესაც აღნიშნული ფაქტი მოხდა.

    „ერთადერთი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური, ვინც იცოდა მისი გადაადგილება, სად მიდიოდა, რომ უნდა მიეტანა წამლები. მისმა მეგობრებმაც კი, ვინც მასთან ერთად აპროტესტებდა ამ მცოცავ ოკუპაციას და ბორდერიზაციას, მათაც კი არ იცოდნენ ეს ყველაფერი. როცა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილდები და ეს იცის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და იქ გხვდება 5 ადამიანი, რომლებიც იქ მანამდე არ ყოფილან, იმიტომ, რომ ვერავინ ვერ ცნობს და ჩადიან იმას, რაც ჩაიდინეს, ამაზე მე მგონია, ძალიან ბევრი გამოძიება არ არის საჭირო. მივმართავ ხელისუფლებას, თუკი არსებობენ ისინი და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ დააკავონ ის პოლიციელები, რომლებიც იქვე იდგნენ, ამ ყველაფერს უყურებდნენ და ისე იქცეოდნენ, ვითომ ვერ ხედავდნენ", - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

    შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის - „ძალა ერთობაშიას" ლიდერის, დავით ქაცარავას მისამართით განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

    ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ამ დროისთვის კომპლექსური აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

    როგორც დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, მას 4-5 კაციანი ჯგუფი დაუპირისპირდა. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციამ თავდასხმა ვერ შეაჩერა.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×