რეზონანსი
19.09.2019

 შალვა აბულაძემ, იგივე „შალალომ“, რომელსაც ორი პოლიციელის – გიორგი ბერუაშვილისა და ბექა მარგიშვილის მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, N 7 დაწესებულებიდან საქართველოს პრეზიდენტის სახელზე წერილი გაგზავნა, რომელიც „პროგრესნიუსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პრეზიდენტს ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს შალვა აბულაძის განცხადება

ქ-ნ სალომე,

წინამდებარე განცხადებით მინდა შემოგთავაზოთ თქვენთვის სასარგებლო და საცოდნელი: მსჯელობა და შეფასება, გზა და გამოსავალი თქვენს სკანდალურ შეწყალებასთან დაკავშირებით. მომისმინეთ:

რა თქმა უნდა, პოლიციელის მკვლელის, (თანაც თავში მსროლელისა და ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული პირის) 4 წელიწადში გათავისუფლება ნამდვილად არ ტოვებს სამართლიანობის განცდას უმრავლესობაში. როგორც ყოფილი კრიმინალი გეტყვით იმასაც, რომ ასეთი ნაბიჯები ერთგვარ წამახალისებელ როლსაც ასრულებს ანტოსოციალურად მოაზროვნეთა ფსიქოლოგიაში, მაგრამ თუ ღრმად გავყვებით თქვენს ნაბიჯს, მასში სერიოზულ პოლიტიკურ ილეთსაც დავინახავთ თქვენს განმაძლიერებელს. ძლიერისთვის კი ბევრად ადვილია კარგი საქმეების კეთება. ასე რომ, საჭიროების შემთხვევაში, ძალაუფლების მიღწევა მსხვერპლთა გაღების გარეშე შეუძლებელია და თუ თქვენ ეს ამის გამო გააკეთეთ, მაშინ თქვენ ყოფილხართ პოლიტიკური გენიოსი, ან ამ ნაბიჯით დაანახეთ ყველას, რომ დაბმული ლომების აშვება თქვენს ხელთაა: მიუხედავად თქვენი განულებული უფლებებისა. ეს კი თქვენს პიროვნებას ანგარიშგასაწევს ხდის, როგორც მტრებისთვის, ისე შინაურებისთვისაც. მათი შეფხიზლება კი მუდმივადაა აუცილებელი. ეს ნაბიჯი იყო თქვენი ძალაუფლების დამონსტრირება და ის, რომ საარჩევნო კლიმატზე ზემოქმედების ერთ-ერთი გასაღები თქვენს ხელთაა.

ხოლო თქვენს ჩასაფრებულ ოპონენტებს (და არა მარტო), რაც შეეხებათ, როგორც პრო ამერიკულ-დასავლური ღირებულებების მქადაგებლებს: მე მაგალითად, მათ პასუხს მათივე იდეალების – დემოკრატიული გადაწყვეტილებებიდან გავცემდი შედარებისთვის და ვურჩევდი ჯერ ტრამპთან გაერკვიათ თუ რატომ შეიწყალა უვადო მისჯილი პატიმარი ერთწლიანი პატიმრობის კიმ კარდაშიანის თხოვნით და შემდეგ დაესვათ ჩემთვის კითხვები!

და ბოლოს

არ გაბედოთ და იფიქროთ, რომ პოლიტიკურ სიბრძნედ ეს ნაბიჯი იმიტომ შევაფასე, თითქოს თქვენი მომდევნო შეწყალების სამიზნედ დამესახა თავი. შეწყალებით არც მაშინ გავედი (ორჯერ შემოთავაზების მიუხედავად, 2012-13 წ) როდესაც 20 წელი მქონდა მისჯილი და არც არასოდეს გავალ, რადგან მე შალალო ვარ! და ამ სახელის (იდეის) შექმნაში იმდენი შრომა მაქვს ჩადებული, რამდენიც საჭიროა ისტორიის შესაქმნელად. ამ ისტორიას კი არაფერში გავცვლი, თუნდაც თავისუფლებაში, რადგან მე მხოლოდ ამ სახელთან ერთად ვარ თავისუფალი!

შ ა ლ ა ლ ო“ – აღნიშნულია შალვა აბულაძის წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×