სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.09.2019

      საქართველო შეძრა 2 დღის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში ჩართული იყო უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე და 5-14 წლამდე გოგონების მშობლები. ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება გამოძიება კი ინტენსიურად მიმდინარეობს.

    საქმის მასალების მიხედვით დაზარალებული არასრულწლოვანების მშობლები და ნათესავები გოგონების პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალის სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას იღებდნენ. ფოტოებს კი გამოძიების თანახმად, არასრულწლოვნებს, რომელთა ასაკი 5-დან 16 წლამდე მერყეობს, აშშ-ს მოქალაქე, 58 წლის მამაკაცი უღებდა, როელიც საქართველოში წლების წინ ჩამოვიდა და გორის ერთ-ერთ სოფელში ინგლისურს ასწავლიდა.

    რეზონანსულ საქმეზე "რადიო თავისუფლებამ" ვრცელი მასალა მოამზადა სახელწოდებით: "კაცი შავჩარჩოიანი სათვალით - ბავშვთა პორნოგრაფიის ავტორი?".

    "ნიუპოსტი" გთავაზობთ, რამდენიმე ახალ დეტალს, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობი იყო. გამოცემა წერს, რომ ინგლისური ენის პედაგოგთან ერთად, 29 აგვისტოს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ამავე სოფლის კიდევ ერთ მკვიდრს. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ინგლისური ენის პედაგოგი სწორედ მისგან ქირაობდა თბილისში ბინას. ამავე წყაროს ცნობით, სწორედ დაკავებულ ქალს უნდა ჩაერთო პორნოგრაფიულ ქსელში კიდევ ერთი არასრულწლოვანი- საკუთარი ძმისშვილი.

    როგორც ირკვევა, ქალთან ერთად გამოძიებამ დააკავა მისი ძმა და რძალიც. რადიო თავისუფლების წყარო ამბობს, რომ ოჯახი დანაშაულებრივ ქსელში დაახლოებით ორი წლის წინ ჩაერთო. უკანასკნელ პერიოდში კი მათი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. წყაროს თქმით, მას მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ბოლო პერიოდში, მოზარდები უარს ამბობდნენ გადაღებებში მონაწილეობაზე, თუმცა, ისინი იძულებით მიჰყავდათ ფოტოსესიებზე.

    საქმის პროკურორი მარიამ გოგორელიანი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, რომელიც 2019 წლის ივნისიდან მიმდინარეობდა, დადგინდა, რომ კიდევ ერთი დაკავებული ავსტრალიის მოქალაქე არასრულწლოვანთა პორნოგრაფიულ მასალას ამზადებდა და ასაღებდა, აგრეთვე ეწეოდა არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს.

    მარიამ გოგორელიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ "იმ ფოტოებზე, რომლებიც გამოძიებამ ბინის ჩხრეკისას ამოიღო, აღბეჭდილნი არიან არასრულწლოვნები, რომლებსაც გენიტალიები უჩანთ".

    მისივე თქმით, ორივე შემთხვევაში, პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაშია დამზადებული:

    „რეალიზაცია ხდებოდა უცხოეთში. ამერიკის მოქალაქის ანგარიშზე ირიცხებოდა თანხები, რომელსაც შემდეგ ის საქმეში ჩაბმულ პირებს, არასრულწოვნების მშობლებს ურიცხავდა. რაც შეეხება ავსტრალიის მოქალაქეს, როგორც ამ ეტაპზე დგინდება, ის გარკვეულ თანხას არასრულწლოვნებსაც უხდიდა".

    მარიამ გოგორელიანის თქმით, საქმის მასალებით დგინდება, რომ მშობლებმა ნამდვილად იცოდნენ თუ რა ტიპის ფოტოსესიებთან ჰქონდათ საქმე:

    „სახლში ისეთი აქსესუარები და ნივთები ინახებოდა, რომ ნებისმიერ გონიერ ადამიანს, რომელსაც მინიმალურ დონეზე მაინც შეუძლია აზროვნება, მიხვდებოდა, რა შინაარსის ფოტო-მასალები შეიძლებოდა გადაღებულიყო იმ სივრცეებში".

    მარიამ გოგორელიანი ამბობს, რომ აშშ-სა და ავსტრალიის მოქალაქეები საკუთარ ქვეყნებში ანალოგიური დანაშაულისათვის არიან ნასამართლევნი. თუმცა, ოფიციალური განაჩენი და სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია გამოძიებას ამ ეტაპზე არ გააჩნია.

    ბოლო დროს ერთ-ერთ შემზარავ საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, არ არის გამორიცხული,რომ უახლოეს მომავალში სხვა პირების მიმართაც დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა.

    რაც შეეხება 11 დაკავებულ პირს, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    წყარო: ნიუპოსტი

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×