სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.10.2019

     (რეზონანსი) ტელეკომპანია „მაესტროს" ჟურნალისტსა და გადამღებ ჯგუფს, რომლებიც თურქეთ-სირიის საზღვარზე იმყოფებიან, თურქმა სამხედროებმა ტერიტორია პირდაპირ ეთერში დაატოვებინეს.

    როგორც „მაესტროს" ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს თქვა, თურქმა სამხედროებმა მათ სთხოვეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ, რადგან ის საშიშ ზონად ითვლება.

    რაც შეეხება ამ საზღვარზე არსებულ დასახლებულ პუნქტს, ჟურნალისტის ინფორმაციით, იქ გადაადგილება მკაცრად კონტროლდება და ქალაქი დაცარიელებულია - იქ მხოლოდ სამხედროები და ჯავშანტექნიკა გადაადგილდება.

    ადგილობრივი მცხოვრებლები „მაესტროსთან" საუბარში აცხადებენ, რომ მათ საცხოვრებლების დატოვება გადაწყვიტეს და დროებით ქალაქ აქჩაკალეში გადავიდნენ საცხოვრებლად.

    ისინი არ გამორიცხავენ, რომ თუ თურქეთი შეძლებს და უსაფრთხო ზონას შექმნის, ისინი უკან სახლებში დაბრუნდებიან

    კონფლიქტის ზონაში, იქ სადაც ქურთი და თურქი მებრძოლები ერთმანეთის პირისპირ დგანან, რუსული ჯარი პატრულირებს.

    თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო" 9 ოქტომბერს დაიწყო. სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თურქეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოპერაციის დაწყებიდან 653 ქურთი მებრძოლია ნეიტრალიზებული.

    თავის მხრივ, ქურთების ინფორმაციით, 75 თურქი ჯარისკაცი მოკლულია, კიდევ 19 კი დაიჭრა. გაეროს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება, სულ ცოტა, 160 000 ადამიანს მოუწია. მომხდარის გამო, თურქეთში შეიარაღების ექსპორტი გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდეს, ვაშინგტონმა კი ანკარას სანქციები დაუწესა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×