რეზონანსი
13.11.2019

 

მას შემდეგ, რაც "სახალხო დამცველის" ოფისში სანდრო ბრეგაძემ პოლიცია გამოიძახა, საქმე თავად "ქართული მარშის" ლიდერის წინააღმდეგ აღიძრა.

სახალხო დამცველის ოფისში შეღწევას ბრეგაძე პატრულის დახმარებით შეეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა თავად "ქართული მარშის" ლიდერი გაარიდეს შენობიდან.

ბრეგაძეს თავისივე გამოძახებულმა საპატრულო ეკიპაჟმა სახალხო დამცველის ოფისი დაატოვებინა. "ქართული მარშის" ლიდერი ომბუდსმენის ოფისში, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში მივიდა და აპარატის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები გააპროტესტა.

თავად სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში არ იმყოფება, მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე კი აქცენტს რადიკალთა ჯგუფის ლიდერის მუქარის შემცველ განცხადებებზე აკეთებს.

არასამთავრობო სექტორში რადიკალთა ჯგუფების ბოლო პერიოდში გააქტიურებას მათ დაუსჯელობას უკავშირებენ. როგორც ადამიანის უფლებათა საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებში ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

სახალხო დამცველის ოფისთან მასშტაბურ პროტესტს "ქართული მარში" მომავალ კვირაში აანონსებს. სანდრო ბრეგაძე ნინო ლომჯარიას გამოსასწორებლად ერთკვირიან ვადას აძლევს.

თუ ომბუდსმენი ვადის ამოწურვამდე უკან არ წაიღებს მის მოწოდებას რადიკალთა დაკავების შესახებ და არ დაიცავს ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" მონაწილე ბავშვების უფლებებს, ორგანიზაციის ლიდერი ამბობს, რომ მრავალათასიანი აქციის მოწყობას შეძლებს და სახალხო დამცველის გადაყენებასაც მიაღწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×