რეზონანსი
22.11.2019

(რეზონანსი) ჩემთვის ახალი არ არის ოქრუაშვილის ბრალეულობა, ის იყო მინისტრი და არ შეიძლებოდა მისი ბრძანების გარეშე მომხდარიყო ეს ყველაფერი, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.

მისივე თქმით, მედიისგან შეიტყო, რომ ოქრუაშვილისთვის ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალის წარდგენა ამავე საქმეზე ბრალდებულ გურამ დონაძისა და ზურა მიქაძის ჩვენებების საფუძველზე მოხდა.

„მაშინვე ვამბობდი, რომ ის იყო მინისტრი და არ შეიძლებოდა მისი ბრძანების გარეშე მომხდარიყო ეს ყველაფერი, ან რომ არ სცოდნოდა მას რაც გააკეთეს. სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა ერთად გადაწყვიტეს, რომ პატრულის იმიჯი არ შელახულიყო და ამიტომ წავიდნენ ყველაფერზე და ამ პატარა ბიჭებს ციხე მიუსაჯეს და ჩემი ანგელოზივით შვილი, აბსოლუტურად უდანაშაულო, ბანდიტად გამოაცხადეს, უკვე ახლოვდება ამ ტრაგედიის დღე - 23 ნოემბერი, გიორგობის დღე", - განაცხადა ია მეტრეველმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ყველა დამნაშავე პასუხისგებაში იქნება მიცემული.

„დონაძე და მიქაძე, რომლებიც ექვსი წლის მანძილზე მთელ საზოგადოებას ტყუილებს ეუბნებოდნენ და სასამართლოებზე საშინელი სიმწარე გამომატარეს, მიუხედავად ამისა, თუ ისინი ვეღარ უძლებენ ციხეს და გადაწყვიტეს სიმართლე თქვან, ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი. ისინი ვერ გაექცევიან თავიანთ დანაშაულს, უფალი მაღალია და უფლის სასამართლოს ვერავინ გაექცევა. ჩემთვის მთავარია, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე.

ოქრუაშვილი მაშინაც კი, როდესაც ემიგრაციაში იყო, მივწერე და ვუთხარი, ახლა მაინც თქვი სიმართლეთქო, მაშინ მეგონა, რომ ის მაინც კაცი იყო და მეგონა, „ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით უფრო მეტი ვაჟკაცობა ჰქონდა. ვცდებოდი და ვთვლი, რომ მათზე უარესია. მინდოდა ეღიარებინა, მაგრამ მისი პასუხი იყო, რომ მალე სხვა სამინისტროში გადავდიოდი და ამიტომ ჩემთვის უცნობი იყოო. დარწმუნებული ვარ, მან იცოდა და ერთად დაგეგმეს ეს ყველაფერი. ოქრუაშვილი სააკაშვილთან და ადეიშვილთან ერთად არის ამ საქმეში დამნაშავე. ვიცი, კიდევ ბევრი მაღალჩინოსნის საქმეა აღძრული და მიმდინარეობს ამ მეორე საქმეზე გამოძიება. იმედი მაქვს, ყველა ამ ფარსში მონაწილე პასუხისგებაში იქნება მიცემული", - განაცხადა ია მეტრეველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×