რეზონანსი
08.12.2019

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ზაზა ურუშაძის გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს

53 წლის რეჟისორი ზაზა ურუშაძე გუშინ, 7 დეკემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა:

„ჩემი ზაზა!

ჩემი უმცროსი მეგობარი!

ჩემთვის მუდამ პატარა ბიჭი!

რა სიტყვებით გამოვთქვა ჩემი გულისტკივილი, არ ვიცი. მე შენ გაცილებდე სამარის კარამდე?! მე — შენ!

შენ ჩემთვის ბოლომდე ის პატარა ბიჭი იყავი, პირველად რომ გნახე სარეჟისორო სახელოსნოს მისაღებ გამოცდებზე. ყველაზე ახალგაზრდა. 15 თუ 16 წლის ხუჭუჭა ბიჭი, (დღეს არც კი ვიცი, მართლა ხუჭუჭა იყავი თუ არა, მაგრამ მე ასეთი დამამახსოვრდი). თვალები რაღაცნაირი, მძლავრი ენერგიით გიელავდა. ლადო ასათიანის ლექსი წაიკითხე: “რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ”… ახლაც თვალწინ მიდგას, როგორი გზნებით ამბობდი ამ სიტყვებს: სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ! რაღაც ძალიან ნაღდი დავინახე მაშინ ამ ბიჭში, და თუმცა ბავშვური ასაკი არ უწყობდა ხელს, უყოყმანოდ ამოვარჩიე რეჟისორობის მრავალრიცხოვან მსურველთა შორის. 

მერე, წლების მანძილზე, ზაზა ჩემთვია ნამდვილი ახლობელი გახდა. მართლა ახლობელი. მეგობარი. ხშირად მირეკავდა, მოდიოდა. ბევრს ვსაუბრობდით. ყველა თავის ჩანაფიქრზე მელაპარაკებოდა. ყველა სცენარს მაკითხებდა. მის კაბინეტში, კომპიუტერში, ბოლო ფილმის მასალაც მაჩვენა.

ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი მისი არნახული საერთაშორისო წარმატებით! თვითონ ისე გულღიად და ამაყად მიყვებოდა ამ წარმატების ამბებს და ისევე, როგორც ამ 40 წლის წინ, ბავშვურად უელავდა თვალები. ანას წარმატებაც ეამაყებოდა ძალიან.

ფიცხი იყო, გურულებისთვის დამახასიათებლად ფიცხი. ბოლო ხანს კი აღმოჩნდა, რომ ეს მარტო სიფიცხე არ იყო, არამედ მგრძნობიარობაც. თურმე უკიდურესად მგრძნობიარე იყო. ალბათ, ზედმეტადაც? საკუთარი თავის საზიანოდ?

და მე არ მშორდება განცდა, რომ რაღაც დავაკელი და ვერ ვუშველე. იქნებ შემეძლო და არ ვუშველე.

აკადემიაში მთელი იმ თურმე საბედისწერო დაპირისპირებების მერე, მისი წერილის მერე პრეზიდენტობიდან გადადგომის შესახებ, ვცდილობდი მასთან დაკავშირებას. ის არ მპასუხობდა. რამდენჯერმე ანასაც მივმართე.

ახლაც, ამ რამდენიმე დღის წინ მინდოდა ფილმის პრემიერაზე დაპატიჟება. ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ერთი მეგობრის მეშვეობით ისევ ანას დავუკავშირდი. პასუხი ასეთი იყო: ჩაიკეტა და არავის არ პასუხობსო.

და მე არ მასვენებს ეს წყეული კითხვა: რა ხდება ჩვენს თავს? რატომ არ გვესმის ერთმანეთის? რატომ ვტკენთ ერთმანეთს გულს – ასე იოლად?

ზაზას გული გაუსკდა!

იქნებ ამან დაგვაფიქროს და შევეცადოთ: გავუფრთხილდეთ ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს, არ ვატკინოთ ერთმანეთს გული".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×