სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.12.2019

    5 დეკემბერს ტრაგედია დატრიალდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში, სადაც 22 წლის ვალერი ჭიქაშუას ცოლის ძმამ, ბაჩანა ცენგირაშვილმა დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

    სამართალდამცავები დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზად ურთიერთშელაპარაკებაა. ვალერი ჭიქაშუა სამტრედიელია, მან რამდენიმე წლის წინ ბაჩანას და, ლიკა ცენგირაშვილი შეირთო ცოლად და წყვილს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. როგორც ჩანს, ცოლ-ქმარს შორის ოჯახური უთანხმოება იყო, ამიტომ ლიკა შვილებთან ერთად, ქარელის სოფელ დირბში, მშობლების სახლში 7 თვის წინ დაბრუნდა.

    ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, ქმარი ცოლს პერიოდულად ურეკავდა და შერიგებას სთხოვდაო. ცოლ-ქმარი შეთანხმებულა და ვალერი ცოლ-შვილის სამტრედიაში წამასაყვანად, მეგობართან ერთად, ჩავიდა სოფელ დირბში. ოჯახის წევრების თქმით, თითქოს პრობლემა მოგვარდა. სახლში სუფრაც გაიშალა, ისადილეს, მეორე დღეს კი ეს ტრაგედია დატრიალდა.

    "ძალიან გაგვიკვირდა, ამის მერე გავიგეთ, რომ ვალერი ბაჩანას მოუკლავს. ძალიან შეწუხებულები ვართ. წარმოუდგენელია ჩვენთვის ამ დანაშაულის ჩადენა ბაჩანამ როგორ შეძლო. ძალიან მშვიდი და პატიოსანი ბიჭია, ჩვენს თვალწინ გაიზარდა, არ იყო კონფლიქტური და რა მოხდა, არ ვიცით. უსადილიათ, სუფრიდან ამდგარან და ამის შემდეგ თურმე სახლის ქვედა სართულზე, სარდაფში ჩასულან სასაუბროდ. რატომ მივიდა საქმე მკვლელობამდე, არ ვიცით. არც ჩხუბის ხმა გაგვიგიაო ამბობენ ოჯახის სხვა წევრები. ცოტა ხანი ლაპარაკობდნენ თურმე, მერე ბაჩანა ყვირილით მისულა მამამისთან და უთქვამს, სასწრაფო გამოიძახეთ, მგონი, ვალერი მოვკალიო. თვითონ კი გაქცეულა", - უთხრა "კვირის პალიტრას" ცენგირაშვილების მეზობელმა.

    სავარაუდოდ ორივე ახალგაზრდა ნასვამი იყო.

    ძალიან განიცდიან მომხდარს მოკლულის მეზობლები და ახლობლები.

    "წყნარი და მშვიდი ბიჭი იყო ვალერი, მეზოლები ვიყავით, ვმეგობრობდი მასთან. 4-5 წელი იქნება, რაც ოჯახი შექმნა და ორი შვილი ჰყავს. მის მეუღლეს, ლიკასაც ვიცნობ, რამდენიმე თვეა სამტრედიაში არ გვინახავს. არ ჩანდა, მაგრამ მიზეზი არ გვიკითხავს. ისიც წყნარი გოგოა. ოჯახი სიყვარულით შექმნეს. მერე შიგნით ოჯახში რა ხდებოდა, ეს ნამდვილად არ ვიცი. ახლა გავიგეთ ეს ტრაგედია და ძალიან შეწუხებულები ვართ. როგორც გავიგე, ცოლთან შესარიგებლად იყო მისული და მოკლეს. მშრომელი ბიჭი იყო, პატიოსნად შრომობდა და არასდროს არავისთვის ცუდი არ გაუკეთებია. ვალერის ძმა და სამი და ჰყავს. მისი ცოლისძმაც რამდენჯერმე ვნახე სამტრედიაში, ჩვენს უბანში, ისიც ჩვეულებრივი ბიჭი იყო, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი კაცის მოკვლა თუ შეეძლო", - აღნიშნა ვალერის მეზობელმა.

    კვირის პალიტრა

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×