რეზონანსი
11.12.2019

  ქართული ოცნებიდან თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატის 22 მტკიცებულება სასამართლომ დაუშვებლად ცნო. ჯიშკარიანს ყოფილი თანაშემწე სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებულობა განიხილა.

როგორც თამთა თოდაძის ადვოკატმა, თამარ ლუკავამ ტაბულას უთხრა, სასამართლომ მტკიცებულებები, მათ შორის, მისი კანონის არსებითი დარღვევით მოპოვების გამო ცნო დაუშვებლად. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, სასამართლომ ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

"ეს ეხებოდა მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, ასევე ხელშეკრულებას და ჯიშკარიანის მიმართ დანიშნულ ექსპერტიზას. ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და და კითხვები რაც დასმული იყო კანონსაწინააღმდეგოდ იქნა მიღებული და ამიტომ დაუშვებლად იქნა მიჩნეული. ასევე, სატელევიზიო არხებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც ეხება ძირითადად თამთას კომენტარებს. რეალურად სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება ჰქონდათ და სხვა ჩაატარეს"- ამბობს ლუკავა.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ არსებითი მნიშვნელობა არ ექნებოდა, ეს მტკიცებულებები იქნებოდა თუ არა საქმეში, რადგან ამ მტკიცებულებებით ჯიშკარიანის უდანაშალობას ვერ დაამტკიცებდნენ.

საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 25 დეკემბერს, 2 საათზე ჩაინიშნა.

ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა და თოდაძემ სამართალდამცველებს იმ დღესვე მიმართა.

11 ოქტომბერს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. ჯიშკარიანს ასევე აეკრძალა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი.

დაცვის მხარის მოთხოვნით, განხილვა სასამართლოს ნაცვლად კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობს. საავადმყოფო ილია ჯიშკარიანმა 13 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დატოვა.

პროკურატურის მიერ დაყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს დაზარალებულის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×