რეზონანსი
12.12.2019

(რეზონანსი) რეჟისორ ზაზა ურუშაძეს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

„12 დეკემბერს, ქართველი საზოგადოება უკანასკნელ გზაზე გააცილებს, უნიჭიერეს კინორეჟისორს და სცენარისტს - ზაზა ურუშაძეს, რომელიც 7დეკემბერს, 53 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. მას 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ. ზაზას წასვლა, კიდევ ერთი, ძალიან დიდი და უმძიმესი დანაკარგია ქართული კინოსთვის და ზოგადად - კულტურისთვის.

ზაზა ურუშაძე 1966 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც 1987 წელს დაამთავრა. 1999-2000წწ. სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმი", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. 2013 წლის 9 მაისიდან იყო საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი. ეს თანამდებობა მან, 2019 წლის სექტემბერში, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული, ესტონურ-ქართული კოპროდუქცია - „მანდარინები". ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე და ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

ზაზა ურუშაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989); „აქ თენდება" (1998); სერიალი - „ცხელი ძაღლი" (2003-2009); „სამი სახლი" (2008); „დარჩი ჩემთან" (2011); „ბოლო გასეირნება" (2012); „მანდარინები" (2013); „აღსარება" (2017); „ანტონი" (2019).

საქართველოს კინოაკადემია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზაზა ურუშაძის გარდაცვალების გამო. უსამძიმრებს ოჯახს, კოლეგებს, მის მეგობრებს და ახლობლებს. „ჩვენ უნდა გვახსოვდეს მთავარი - დავრჩეთ ადამიანებად!" - ზაზა ურუშაძე. ეს ფრაზა არის ზაზა ურუშაძის გამორჩეული ნიჭიერებით აღსავსე, შესანიშნავი შემოქმედების ძირითადი არსი და შინაარსი. და ამავე დროს - პასუხი ყველა კითხვაზე - მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი", - ნათქვამია საქართველოს კინოაკადემიის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×