რეზონანსი
13.12.2019

(რეზონანსი) 15 წლის მოზარდი, რომელიც გუშინ მეცხრე სართულიდან გადმოხტა და თვითმკვლელობა სცადა, ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაშია. მოზარდი მართვით სუნთქვაზეა. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს.

ბიჭის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ იგი ამ მდგომარეობამდე პოლიციამ

მიიყვანა და არასრულწლოვანზე ზეწოლაში სამართალდამცავებს ადანაშაულებენ.

"ბავშვი დიღმის პირველ განყოფილებაში მშობელთან ერთად დაიბარეს. საქმე შეეხებოდა "მწვანე სკოლის" კედელზე გაკეთებულ წარწერას. როდესაც მოზარდის დაკითხვა მშობელთან ერთად მიმდინარეობდა, ის კანონდარღვევას არ აღიარებდა, თუმცა ის სამართალდამცავებმა ცალკე გაიყვანეს, რის შემდგომაც ბავშვმა ბრალი აღიარა. პოლიციის განყოფილებაში ბავშვი დააშინეს თავის ძმით და ოჯახით", - ამბობენ მოზარდის ახლობლები.

ოჯახის წევრების თქმით, მოზარდი გარკვეული პერიოდი განმარტოებით ჰყავდათ პოლიციელებს და სწორედ მაშინ მოხდა მასზე ზეწოლა. მას ემუქრებოდნენ ძმით, რომელიც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია, რის შემდეგაც აღიარა, რომ წარწერა სკოლის კედელზე ნამდვილად მან გააკეთა, თუმცა მეორე დღეს ეს ყველაფერი უარყო.

15 წლის მოზარდი თბილისის "მწვანე სკოლაში" სწავლობდა, თუმცა ის ცოტა ხნის წინ სხვა სკოლაში გადიყვანეს. სკოლის დირექტორი კახა დავითური აცხადებს, რომ ბავშვი სკოლიდან მშობლებს კონფლიქტის გამო არ გადაუყვანიათ.

„ჩვენს სკოლაში რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა, სხვა სკოლიდან დროებით გადმოიყვანეს. 2 დღის წინ სკოლაში რომ მოვედით, ვნახეთ ეს წარწერები. პოლიცია სკოლის უსაფრთხოების სამსახურმა გამოიძახა, რადგან წარწერებთან ერთად, დაზიანებული იყო კედლები და დაფები. როგორც წესია, ჩვენი ბავშვების უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ, არ ვიცოდით, ეს ვინ გააკეთა, ამიტომაც ვაცნობეთ პოლიციას, რომელმაც მოახდინა რეაგირება. კამერებიც დაათვალიერეს და ასე გაირკვა ბავშვის ვინაობა. უხამსი სიტყვები პულივიზატორით იყო დაწერილი. მერე გავარკვიეთ, რომ მოზარდი წაყვანეს დაკითხვაზე", - ამბობს სკოლის დირექტორი.

მისივე თქმით, მან მოგვაინებით შეიტყო, რომ მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა.

„დარაჯი გვყავს, უბრალოდ, მისი ოთახი შემოსასვლელშია, დიდი ტერიტორია აქვს სკოლას, შემოღობილია და ყველგან დარაჯი ვერ იქნება. ბავშვი გადმოხტა ღობიდან. თვითმკვლელობა რომ სცადა, ეს მოგვიანებით გავიგეთ. მანამდე ვიცოდით, რომ დაკითხეს. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერიც იყო დაკითხვაზე, ის ამბობს, რომ დედასთან ერთად იყო ბავშვი მისული, მას მერე ცალკე დაიკითხა თუ არა, არაფერი ვიცით. დამრიგებელი დაუკავშირდა ოჯახს და მასაც იგივე უთხრეს, რასაც ახლა მედიასთან ამბობენ. სხვას ვერაფერს გეტყვით", - დასძინა მან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მოზარდის გამოკითხვა ორჯერ მოხდა და ორივე შემთხვევაში მშობლის თანდასწრებით.

კვირისპალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×