რეზონანსი
19.01.2020

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის საქმეზე დღეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა. ბრალდების მხარემ ვახტანგ რობაქიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და რობაქიძეს გირაოს სახით 7000 ლარის გადახდა დააკისრა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმეზე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და რობაქიძის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა.

თუმცა, ადვოკატ როლანდ შონიას ინფორმაციით, რობაქიძე ბოდიშს იხდის​ ოხანაშვილის შეურაცხყოფაზე, რომელიც კონფლიქტში გადაიზარდა. მისივე თქმით, რობაქიძეზე პოლიციის მხრიდან ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორმა მოკვლევა უკვე დაიწყო. მოსამართლის გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

​ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა და მუქარას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ) და 239-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხულიგნობა, ძალადობის მუქარით ჩადენილი ქმედება, რომელიც გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს).

ცნობისთვის, შემთხვევა 14 იანვარს ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ოჯახთან ერთად ვახშმობდა. ბრალდებულმა ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (20.01.2020)
რა ამბავია, კაცო, ღუპავთ ადამიანს ერთი დაუფიქრებელი საქციელის გამო? ბატონო ანრი, გთხოვთ, გაიწვიეთ საჩივარი და გამოიჩინეთ გულმოწყალება. სისასტიკე დასაგმობია, არ გეკადრებათ შეცდომილი კაცის ასე დასამარება, მას შვილები ჰყავს გასაზრდელი. ჩემი აზრით- სახალხოდ ბოდიშის მოხდით უნდა ამოწურულიყო ეს სივაგლახე. ჩემს თვალში ღირსება დაკარგეთ, თქვენც და პოლიციამაც. რა გინდათ, ლუკას მაგალითი განმეორდეს? პროკურატურავ, გააადამიანურდი! პოლიციავ, "გიყვარდეს მტერი შენი", ანრი--შეიწყალე დამნაშავე , ვიქტორ ჰიუგო გაიხსენე. ენა დაიმორჩილეთ მამაკაცებო! რამდენი ახალგაზრდა ჩაწვა მიწაში შეკამათების გამო! გ ვ ე ყ ო ფ ა !


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×