რეზონანსი
20.01.2020

ახალი კვლევის ფარგლებში, ახლომდებარე ვარსკვლავთან აღმოჩენილია ხუთი ეგზოპლანეტა. მათ შორის არის სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელი ორი სუპერდედამიწა, რომლებიც მკვლევართა განცხადებით, შესანიშნავი კანდიდატებია სამომავლო კვლევებისთვის, არამიწიერი სიცოცხლის საძებნელად.

მათი სახელებია GJ 180 d და GJ 229A c, არიან დედამიწაზე 7,5-ჯერ და 7,9-ჯერ მასიურები. პირველი პლანეტა დედამიწისგან 40 სინათლის წლით არის დაშორებული, მეორე კი 19.

ორივე მათგანი გარს უვლის წითელ ჯუჯას, ვარსკვლავის ტიპს, რომელიც ზოგადად, არც თუ ისე ხელსაყრელია სიცოცხლისათვის. ამის მიზეზი ის არის, რომ ეს ბებერი ვარსკვლავები სასიცოცხლო ციკლის ბოლოში არიან და ახასიათებთ ვარსკვლავური ამოფრქვევები.

თუმცა, ყველაფერი მაინც უშუალოდ ვარსკვლავზეა დამოკიდებული, რადგან ზოგიერთი მათგანი სხვებთან შედარებით გაცილებით მშვიდია.

კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ წითელი ჯუჯები გაცილებით ცივია, ვიდრე ახალგაზრდა ვარსკვლავები. შედეგად, მათი სასიცოცხლო ზონა (მანძილი ვარსკვლავიდან, სადაც ტემპერატურა ისეთია, რომ პლანეტის ზედაპირზე შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა) ვარსკვლავთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს.

თავის მხრივ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ზონაში არსებული პლანეტები ძირითადად გრავიტაციულად ჩაკეტილია, ანუ, პლანეტის ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავისკენაა მოქცეული, მეორე კი პირიქით. შედეგად, ერთი მხარე ძალიან ცხელია და მუდმივად განიცდის ვარსკვლავურ რადიაციას, მეორე მხარეს კი მუდმივი წყვდიადი სუფევს.

GJ 180 თავის დედავარსკვლავს გარს უვლის (ორბიტული პერიოდი) 106 დღეში ერთხელ და ამიტომ ასტრონომები ფიქრობენ, რომ საკმაოდ შორის არის ვარსკვლავ გლიზე 180-დან და გრავიტაციულად ჩაკეტილიც არ იქნება.

კარნეგის მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტრონომ ფაბო ფენგის განცხადებით, GJ 180 ჩვენთან უახლოესი ზომიერი სუპერდედამიწაა, რომელიც თავის ვარსკვლავთან გრავიტაციულად ჩაკეტილი არ არის, რაც ზრდის შანსებს, რომ მასზე სიცოცხლე არსებობდეს.

წყარო: "1ტვ"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×