რეზონანსი
24.01.2020

(რეზონანსი) „რაც დრო გადიოდა, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება რთულდებოდა და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ სიტუაცია უკვე სერიოზული გახდა" - ამის შესახებ განცხადებას, ჩინეთში მცხოვრები ქართველი ლექტორი გაიოზ წუწუნაშვილი აკეთებს.

წუწუნაშვილი ლექციებს ჩინეთის ქალაქ უხანის უნივერსიტეტში კითხულობს. იგი უხანში იყო, როცა ცნობილი გახდა, რომ ქალაქში საშიში ვირუსი გაჩნდა. მან მოახერხა და უხანიდან მანამ წამოვიდა, ვიდრე 23 იანვარს ჩინეთის ხელისუფლება ქალაქში შესვლასა და იქიდან წამოსვლას აკრძალავდა.

20 იანვარს იგი ცოლით და ორი წლის ვაჟით ავსტრალიაში გაფრინდა, რათა დაავადება თავიდან აეცილებინა.

„ბოლო დროს ქალაქის ქუჩებში ბევრი დამცველნიღბიანი ადამიანი გაჩნდა. დღეს ეს უხანში უკვე სავალდებულოა. ჩემი წამოსვლის დროს შევამჩნიე, რომ მოსახლეობა უფრო მეტად იყო შეშფოთებული, ვიდრე ვირუსის გამოვლენის პირველ დღეებში. ამჟამად, თქვენც იცით, რომ სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა - უხანი მთლიანად დახურულია, იქ ვერც წახვალ და ვერც გამოხვალ. დღეს მე უკვე ელფოსტით მივიღე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილება, რომ ქალაქის დატოვება მეკრძალება. ასეთივე გაფრთხილება მიუღიათ სხვებსაც. ვინც ქალაქში დარჩნენ, მოგვიანებით მომიყვნენ, რომ ჩინეთის არმიის ჯარისკაცებმა გადაკეტეს გზები, სარკინიგზო და საავტომობილო სადგურები, აეროპორტი, მოძრაობა შეწყვიტა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც: არ დადის ავტობუსები, არ მუშაობს მეტრო.

ხალხი პანიკაში ჩავარდა, სუპერმარკეტების თაროები და დახლები საკვები პროდუქტებისაგან გაასუფთავეს - მარაგისთვის იყიდეს, რადგან ეშინიათ და არ იციან, კარანტინი რამდენ ხანს გაგრძელდება", - აცხადებს წუწუნაშვილი „Deutsche Welle"- სთან.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×