რეზონანსი
24.01.2020

(რეზონანსი) პირობას ვაძლევ ყველას, ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიმღებს - აუცილებლად გარდაუვლად და მძიმედ დავსჯი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში აცხადებს, სადაც მეუღლესთან ერთად მივიდა.

„ერთ-ერთი საქმე ეხება მანქანას, რომელიც ჩვენი ოჯახის სარგებლობაში იყო, არც დაგვიმალავს, სარგებლობდნენ მეუღლე და ბავშვები. ცხადია, ამაში დანაშაულებრივი არაფერია, ნასყიდობის ხელშეკრულებით მოხდა. პროკურატურას უნდა დაედგინა, არის თუ არა ჩვენი ოჯახის საკუთრებაში, ეს მანქანა ჩვენს სადგომზე იდგა. არსებობდა საჯარიმო კადრები, სადაც ჩანს, სოფო როგორ მართავს მანქანას.

მიუხედავად ამისა, გამოიტანეს ამ საკუთრების დასადგენად თვალთვალის გამოყენების დადგენილება. პირობას ვაძლევ ყველას, ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიმღებს - აუცილებლად გარდაუვლად და მძიმედ დავსჯი. ჩემს მეუღლეს 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. აღწერილია მისი და არა მანქანის გადაადგილებები. სულ ორში ფიგურირებს ის მანქანა, დანარჩენია ან ჩემი, ან ჩვენი მეგობრების. როცა ადამიანი სამსახურში მიდის, იქ ელოდებიან და უთვალთვალებენ, მანქანა რა შუაშია, რომელიც თითქოს უნდა დადგინდეს?!

ჩვენ რომ გვისმენენ და გვითვალთვალებენ ძალიან კარგად ვიცით, ეს გრძელდება 7 წელია. გვიგზავნიან ჩემი შვილების ვიდეოკადრებს, უკვე ოფიციალურს. მე მგონია, რომ ეს არის საომარი მოქმედებები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენმა ოჯახმა ომის გამოცხადება უკვე დიდი ხანია მიიღო და დღეს საბოლოოდ ვაცხადებთ: ჩვენ ვიღებთ გამოწვევას, ჩვენ შევდივართ ომში. ჩვენ საპასუხო ომს ბიძინა ივანიშვილს ვუცხადებთ და ამ ომში მას დავამარცხებთ", - ამბობს გვარამია.

აღნიშნულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, პროკურატურაში ამბობენ, რომ გავრცელებული ვიდეო არ არის გვარამიას ოჯახზე თვალთვალის ამსახველი.

„ეს არის 2019 წლის 20 ივლისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე პროკურატურის მიერ მოპოვებული ერთ-ერთი მტკიცებულება. გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის თებერვალში ნიკა გვარამიამ პორშეს ცენტრში შეარჩია 76 700 ევროდ (232 201,58 ლარად) ღირებული ახალი ავტომობილი - Porche Macan S და კომპანიის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ ავტომობილის ღირებულების სანაცვლოდ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გაუშვებდა მათი ბრენდის სარეკლამო რგოლებს.

მათ შორის შედგა შეთანხმება - რუსთავი 2-ის ეთერში სარეკლამო რგოლების გაშვების სანაცვლოდ ნიკა გვარამიამ საკუთრებაში მიიღო ავტომობილი, თუმცა აღნიშნული სქემის შენიღბვის მიზნით ავტომობილი გააფორმა შპს პროესკო მედიას სახელზე", - აცხადებენ პროკურატურაში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×