რეზონანსი
24.01.2020

(რეზონანსი) პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელიც "მთავარი არხის" მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეოში ფიგურირებს, ამბობს, რომ ლევან იზორიას ძმასთან ვახტანგ იზორიასთან ინციდენტი 10-ლარიანი დარღვევის გამო დაიწყო.

მისი თქმით, იზორიას ძმა მანქანას აჩერებდა და მან, როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა მოსთხოვა ეს არ გაეკეთებინა, რის შემდეგაც იზორიამ მანქანიდანვე დაიწყო მისი მისამართით ყვირილი და შეურაცხყოფა.

"ეს სისხლის [სამართლის კოდექსით] არ არის, ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული", - ამბობს დვალიშვილი „ნეტგაზეთთან" და აკონკრეტებს მუხლსაც - 166 (წვრილმანი ხულიგნობა).

დვალიშვილი ამბობს, ვიდეო 2014 წელს მის უშუალო ხელმძღვანელს გადასცა, თუმცა მისი სამსახურებრივი დაქვეითება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის პოლიციის უფროსს აღნიშნულ ვიდეოს მიმართ გაუჩნდა ინტერესი. დვალიშვილი ამბობს, რომ კახა ბუხრაძემ აღნიშნული ვიდეოს გადაცემა 2019 წლის ზაფხულში მოსთხოვა:

"ზაფხულში მომთხოვა. ადრე ის არ იყო ჩემი უშუალო ხელმღვანელი, შესაბამისად, მე ადრე ეს მისთვის არ გადამიცია. მან იცოდა, რომ მე ეს კადრები მქონდა. ეს ვიდეო იყო ერთადერთი თავდაცვითი საშუალება ჩემთვის. ოღონდ მომთხოვა არა ოფიციალურად, არამედ თავისთვის, და ამიტომაც არ მივეცი. ეჭვი შემეპარა, რომ რაში სჭირდებოდა. ვოთსაპში ჩამიგდეო და ალბათ თვითონ ჰქონდა მიზნები ამ ვიდეოს გამოყენების და ალბათ ვიღაცას დააშანტაჟებდა, სხვა რისთვის", - უთხრა დვალიშვილმა „ნეტგაზეთს".

გიორგი დვალიშვილის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის სამსახურში უკიდურესად შეავიწროვეს, ჯერ დააქვეითეს და ხელფასი შეუმცირეს, შემდეგ კი 1000-ლარიან ხელფასზე ზუგდიდში გადასვლა შესთავაზეს, საბოლოოდ მისი თქმით, სამინისტროში შეიქმნა კომისია, რომელმაც 35 შტატზე გამოაცხადა რეორგანიზაცია, მათ შორის მის ადგილზეც. თუმცა დვალიშვილი ამბობს, რომ 34 ადამიანი თავის ადგილზე დარჩა და მხოლოდ ის გადაიყვანეს კადრების განყოფილებაში.

დვალიშვილის თქმით, მან ბუხრაძის წინააღმდეგ მიმართა ომბუდსმენსაც, თუმცა როგორც მისთვისაა ცნობილი, სახალხო დამცველს საგამოძიებო უწყებები ინფორმაციას არ აწვდიან მიმდინარე გამოძიების შესახებ.

„მთავარი არხზე" გასული სიუჟეტის მიხედვით, 2014 წელს პატრულმა ვახო იზორია ხულიგნობის ბრალდებით დააკავა, თუმცა ის ლევან იზორიას ჩარევით გაათავისუფლეს. სიუჟეთში წარმოდგენილი გახლავთ პატრულ-ინსპექტორის ინტერვიუ და კამერის ჩანაწერი, სადაც ლევან იზორიას ძმა სამართალდამცველს აგრესიული ტონით ესაუბრება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×