რეზონანსი
21.02.2020

ჩვენ წინააღმდეგები  ვართ  ნებისმიერი  კონფრონტაციისა  და დაპირისპირების, ამიტომ, ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას,- -ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ლომინაძე გამოეხმაურა ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში განვითარებულ მოვლენებს, სადაც   მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ თავიანთი საცხოვრებელი სახლების შეკეთება - აღდგენისა და კომპენსაციის მიღების მოთხოვნით გადაკეტა. 

„5- თვიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და მოსახლეობის მხრიდან საბადოებზე მისავლელი გზები არის გადაკეტილი. ჩვენ წინააღმდეგები  ვართ  ნებისმიერი  კონფრონტაციისა   და დაპირისპირების, ამიტომ, ხისტ  ნაბიჯებს ჩვენ არ ვდგამთ და ველოდებით, რომ ყველაფერი  გონივრულობას დაუბრუნდეს, ვინაიდან, თუკი უმოკლეს ვადებში არ მოხდება ე.წ. გადამაგრებით სამუშაოებზე  მაღაროებში შესვლა, მოხდება მაღაროების ჩამოქცევა,  იმ ე.წ. ძარღვების დაკარგვა, სადაც მიმდინარეობს  მოპოვება  და  საბადოს მიმართ დაიკარგება  ინტერესი. იმის უფლება არ აქვს  საქართველოს  არცერთ მოქალაქეს, რომ საერთო-საყოველთაო დოვლათს  რისკი შეუქმნას. ჩვენ მოლაპარაკებების დროს, მოსახლეობას შევთავაზეთ ალტერნატიული ფართები, როგორც ქალაქ ჭიათურაში, ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, ასევე მზად ვიყავით, რომ განგვეხილა სხვა ალტერნატიული ფართები სხვადასხვა ქალაქებში. 

სოფელ შუქრუთში იყო სახლები, რომელზეც ჩვენ კომპენსაციის სახით, პირველ ეტაპზე, შევთავაზეთ არა 10 000, არ მინდა, გეგონოთ, რომ რაღაც კაპიკებზეა საუბარი,  არამედ  45 000, 50 000, 70 000 ლარი,  რაზეც უარი განაცხადეს. მერწმუნეთ, ამ თანხებად, არა მარტო ჭიათურის მუნიციპალიტეტში, არამედ, ადამიანი საქართველოს ბევრ რეგიონში  მოახერხებს საცხოვრებელი ფართის შეძენას. რასაკვირველია,  თბილისი, ვაკე, ვერა და ცენტრალური უბნები არ მაქვს მხედველობაში”- განაცხადა ლომინაძემ.  

მისივე  თქმით, არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც მოლაპარკებების უშედეგოდ დასრულებით იყვნენ  დაინტერესებულები.

“დღეის მდგომარეობით, ჭიათურაში ნამდვილად მოქმედებენ ცალკეული ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებულები არიან მიწების დაუფლებით და შემდგომ უკვე კომპანიისათვის კომპენსაციების მოთხოვნით ამ მიწებში. რასაკვირველია, ეს პროცესი მიმდინარეობს კორუფციული სქემების გამოყენებით, რის შესახებაც უკვე ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს და ისინი აწარმოებენ შესაბამის ქმედებებს. 

თუ მოხდება იმ ნეგატიური ფაქტორების გათიშვა, ვგულისხმობ, იმ ჯგუფებს, რომლებიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და ნაკლებად არიან დაინტერესებული საზოგადოებრივი სიკეთით, თუ მოხდება ამ ჯგუფების ნეიტრალიზება მათი რადიკალიზმისა და არაკონსტრუქციულობის თვალსაზრისით, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ უმოკლეს ვადაში ჩვენ მოსახლეობასთან მივაღწევთ შეთანხმებას“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×