რეზონანსი
25.02.2020

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ვალერი ფოცხვერიას ინფორმაციით, სამტრედიასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მძღოლი და მგზავრები ქუთაისიდან, ბათუმიდან და ჩოხატაურიდან იყვნენ.

შემთხვევას გადაურჩა ტრაილერის მძღოლი, რომელიც ქუთაისში მდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. გარდაცვლილები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

"ხუთი ადამიანია დაღუპული, მინივენის მძღოლი და მისი მგზავრები. მინივენი დაეჯახა ტრაილერს. ტრაილერის მძღოლი გადარჩა. რამდენადაც ვიცი, მძღოლი უნდა იყოს ბათუმიდან, მგზავრები ქუთაისიდან და ჩოხატაურიდან," - განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა, შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავარია ცუდმა ამინდმა გამოიწვია. მისი თქმით, მინიმევენი მოცურდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ტრაილერს შეეჯახა.

შეგახსენებთ, დღეს სამტრედიის შესასვლელთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ხუთივე დაღუპული, მინივენის მგზავრია.

შსს-ში report.ge-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×