რეზონანსი
28.02.2020

გუდაურში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახის ადვოკატი საზოგადოებას მიმართავს, შეწყვიტონ გარდაცვლილის ოჯახზე ზეწოლა და შეურაცხყოფა.

გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატის, ნიკოლოზ წულეისკირის თქმით, საქმეზე ხდება მტკიცებულებების გასაჯაროება და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.

„ბრალდებულის ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო, არის განზრახვა და არც ერთ შემთხვვაში არ არის მოგერიება. კადრებში ჩანს, მერაბ კობიაშვილი, რომელიც დღეს არის ბრალდებული, შედის შენობაში. ჩნდება პირველივე კითხვა, შეძლო თუ რა მერაბ კობიაშვილს დაერეკა პოლიციაში ან ნებისმიერი ადამიანისთვის ეთხოვა დახმარება? მთავარი კითხვები ჩნდება, როდესაც მერაბ კობიაშვილი გადის გარეთ, შეუძლია თუ არა იმოძრაოს მარჯვნივ, შეუძლია თუ არა იმოძრაოს ჩქარი ნაბიჯით, წავიდეს პირდაპირ და თავი შეაფაროს.

ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ კობიაშილი ნელა მიემართება მანქანისკენ, აღებს კარს, იღებს იარაღს და კეტავს კარს. კობიაშვილი არ იმყოფება თავდაცვით მდგომარეობაში ესაა მეტად მნიშვნელოვანი. ჩნდება კითხვა, შეუძლია თუ არა დაქოქოს მანქანა და წავიდეს? საით მიემართება ამ დროს კობიაშვილი იარაღით ხელში? სწორედ იქ სადაც მოხდა შემთხვევა. ჩემი ინფორმაციით, არის კადრები, როდესაც პირველი დამიზნება ხდება ტანზე და შემდეგ ხდება იარაღის ჩამოწევა. ჩემი მიზანი არ გახლავთ ვამტკიცო, იყო აუცილებელი მოგერიება, თუ განზრახ მკვლელობა. ეს არის სასამართლოს განსახილველი", - განაცხადა გორთამაშვილების ოჯახის ადვოკატმა ნიკოლოზ წულეისკირმა.

მოკლული თამაზ გორთამაშვილის რძლის, ნინო გულიაშვილის თქმით, გარდაცვლილის ოჯახი გამოძიებას ენდობა.

„არ ვერევით გამოძიებაში, არ ვამტკიცებთ არაფერს, ყველაფერს გამოძიება დაადგენს. დაანებონ თავი გარდაცვლილის სულის შეურაცხყოფას, ჩვენზე ზეწოლას, კომენტარებს. ჩვენ დავკარგეთ ადამიანი, ვგლოვობთ და როდესაც ვისმენთ, რომ ის იყო გამომძალველი, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმეა. ჩვენც გვინდა სიმართლის გაგება, ძალიან ბევრი ვერსიები ვრცელდება", - განაცხადა ნინო გულიაშვილმა.

გუდაურში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი 16 თებერვალს დააკავა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×