რეზონანსი
26.03.2020

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს მყისიერი რეაგირებით და ეფექტური ნაბიჯებით ვპასუხობთ, - ამის შესახებ მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამაზ ნავერიანმა განაცხადა.

მან ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„მარნეულის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მასშტაბური სამედიცინო შემოწმება. მოცემული ეტაპისთვის 3 481 ოჯახმა, ჯამში კი, 15 415 მოქალაქემ გაიარა სკრინინგი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები აწარმოებდნენ სადეზინფექციო სამუშაოებს ქალაქ მარნეულის ქუჩებსა და ახლო მდებარე სოფლებში. აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალ დღეებშიც გაგრძელდება", - განაცხადა ნავერიანმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

„დროებით გამშვებ პუნქტთან გამართულ თათბირზე გაიწერა გეგმა, მომდევნო დღეებში, მუნიციპალიტეტებში საკვები პროდუქტის შემოტანის შესახებ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საგანგებო რეჟიმის პირობებში, მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს მყისიერი რეაგირებით და ეფექტური ნაბიჯებით ვპასუხობთ, რათა დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და ავიცილოთ ვირუსის მასშტაბური გავრცელება", - აღნიშნა ნავერიანმა. 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×