რეზონანსი
26.03.2020

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც კორონავირსუთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და საზოგადოებას მთავრობისა და ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს:

„რთული დროა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა, მათი პროაქტიური ძალისხმევისთვის. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებს, რომ შეაკავოს COVID-19 ვირუსის გავრცელება და მინიმუმამდე დაიყვანოს მის მიერ გამოწვეული ზიანი.

მინდა, მადლობა გადავუხადო სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს, მესაზღვრეებს, პოლიციას და უამრავ სხვა საჯარო მოხელეს პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული შრომისა და გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის.

თუ თქვენ მიგითითეს თვითზოლაციაში ან კარანტინში ყოფნა მოგზაურობის ისტორიის ან დაავადებულთან კონტაქტის გამო, ანდა იმის გამო, რომ თქვენს სამეზობლოში ან თემში აღინიშნება ვირუსის გავრცელება, გთხოვთ, მოიქცეთ სწორად და დაემორჩილოთ მითითებებს. თუნდაც ჯანმრთელად გრძნობდეთ თავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შეასრულოთ ეს მითითებები, რათა დავიცვათ ჩვენი ახლობლები და საზოგადოების წევრები.

მე მოგიწოდებთ, შეასრულოთ საქართველოს ხელისუფლებისა და ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციები და შეზღუდვები. თუ შესაძლებელია, იმუშავეთ სახლიდან, დარჩით სახლში თუ რაიმე გადაუდებელი საქმე არ გაქვთ. თუ გიწევთ გარეთ გასვლა, დაიცავით ორი მეტრის დისტანცია სხვა ადამიანებთან და მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ხშირად და საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები. ეს სიფრთხილის ერთ-ერთი საუკეთესო ზომაა", - აცხადებს კელი დეგნანი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×