რეზონანსი
26.03.2020

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით იზრდება. ესპანეთში კორონავირუსით 4 089 ადამიანი გარდაცვალა, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 56 188 -ს მიაღწია.

როგორც ესპანეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, დავით ჯანაშია "ნიუპოსტს" უყვება, 13 მარტის შემდეგ ქვეყანა ჩაკეტილია და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ჯანაშია ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა პიკი ჯერ კიდევ არ დამდგარა და მომავალ დღეებში, სავარაუდოდ, ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ გაიზრდება. "საკონსულოსთან თითქმის ყოველდღიური შეხება გვაქვს, იციან აქ მყოფი ყველა ქართველის პირადი ინფორმაცია, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ მონაცემებს აგროვებენ. დაინიშნება თუ არა სპეცრეისი, რომლითაც უსამსახუროდ დარჩენილი მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ, ეს მათთვისაც უცნობია. დაინფიცირების რისკი კი ყოველდღიურად მატულობს. ადამიანებმა დაკარგეს ყოველდღიური შემოსავალი, ბინის მეპატრონეები ქირის გადავადებაზე უარს ეუბნებიან, შესაბამისად, რამდენიმე ადამიანი ღია ცის ქვეშ, საჭმლის, მედიკამენტებისა და თანხის გარეშე დარჩა. ჩემი ინფორმაციით, 200-ზე მეტ ადამიანს აქვს საქართველოში დაბრუნების სურვილი და ეს მოლოდინი რამდენიმე დღეა უშედეგოდ გრძელდება. ნაწილი თანახმაა, ბილეთის საფასური თავად გადაიხადოს, არიან ისეთებიც, რომლებმაც დარჩენილი მინიმალური თანხა გადასარჩენად უკვე დახარჯეს"- აცხადებს დავით ჯანაშია.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, ბარსელონაში მცხოვრები ახალგაზრდა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქეები, ოჯახის სამი წევრია ინფიცირებული - მათ შორისაა ერთი მცირეწლოვანი. „ესპანეთში მყოფი საქათველოს მოქალაქეები, რომლებიც წლების მანძილზე, უმძიმესი შრომის ფასად, საქართველოში დარჩენილ ოჯახებს არჩენდნენ და ბიუჯეტსაც ეხმარებოდნენ, დღეს უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან და სახელმწიფოს დახმარებას ითხოვენ. სანამ გვიან არ არის, და ლეტალური შედეგებიც ძალიან მცირეა, იქნებ საქართველოს ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში დანიშნოს რეისი, რომ ამ ადამიანებმა სამშობლოში დაბრუნება შეძლონ". ახალგაზრდა ბარსელონაში მდებარე წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ლუკას (ფალავანდიშვილის) სამოქალაქო და სასულიერო გმირობის შესახებაც ყვება."ამ ფონდში მცირე შემოწირულობები გროვდება, რომელიც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების საჭიროებებს ხმარდება. დახმარების მსურველი კი სამწუხაროდ ძალიან ბევრია. მამა ლუკა ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეები გარეთ არ გამოვიდნენ და საჭირო პროდუქტებს პირადად აწვდის. მიუხედავად იმისა, რომ დაინფიცირების ძალიან მაღალი რისკია"- აღნიშნავს დავით ჯანაშია.

“ნიუპოსტი“

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×