რეზონანსი
27.03.2020

კორონავირუსით გარდაცვლილ 34 წლის ცირა ალიხანაშვილს, რომელიც ესპანეთში სამკუნალოდ იყო ჩასული, დღეს, 27 მარტს ამ ქვეყანაში  დაკრძალავენ. ეს ურთულესი გადაწყვეტილება მისმა მეუღლემ, მამუკა ნაჭყებიამ მას შემდეგ მიიღო, რაც განუმარტეს, რომ საქართველოში ცხედრის გადმოსვენება ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა. ტრაგედიის შემდეგ ოჯახი ხელისუფლებას ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვდა. ისიც ცნობილია, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებდა ესპანეთის ხელისუფლებასთან, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, ქართულმა მხარემ საქართველოს მოქალაქეების ესპანეთიდან გადმოსვენებაზე კატეგორიული უარი მიიღო.

ცირა და მისი მეუღლე, მამუკა ნაჭყებია ესპანეთში 2 მარტს ჩავიდნენ. სამტრედიაში ბებიასთან 5 მცირეწლოვანი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში დატოვეს. ყველაზე პატარა წლინახევრისაა. ამ ოჯახის უმძიმესი ისტორია სოციალური ქსელში გავრცელდა. "სიკეთის ქალაქმა" გადაიღო მათი საცხოვრებელი, რომელსაც არც ერთი კარი და ფანჯარა არ ჰქონდა. პატარა გიორგი არ მალავდა, რომ პური ენატრებოდათ და საკვების გარეშე იყვნენ დარჩენილები. 8 წლის გიორგი ნაჭყებია ამბობდა, ოღონდ დედა ცოცხალი მყავდეს, მალე დამიბრუნდეს და არაუშავს, მშიერი დაძინებასაც ვისწავლიო.

დღეს ბავშვებმა უკვე იციან რომ დედა ცოცხალი აღარ არის. ახლა ესპანეთიდან მამის ჩამოსვლას ელოდებიან. მამუკა ნაჭყებიას ერთი სული აქვს როდის ჩამოაღწევს საქართველოში და როდის ნახავს თავის შვილებს. ის ამ დრომდე ესპანეთში კარანტინშია. ძალიან განიცდის მეუღლის გარდაცვალებას.

"კარანტინში ვარ და ვრჩები მითითებების ქვეშ. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ჩემს მდგომარეობას. საელჩოს დახმარებით მივაღწიე იმას, რომ ცხედრის კრემაცია არ მოხდება. ამ სიტყვის გაგონებაც არ მინდა, მანადგურებს. ხელისუფლება დამპირდა, რომ დამეხმარება მერე ცხედრის გადმოსვენებაში, ამის იმედი მაქვს. ახლა სხვა გზა აღარ დამრჩა და ხელი მოვაწერე დოკუმენტს და აქ აკლდამაში დაასვენებენ. თქვენ არ იცით რა ჯოჯოხეთი გამოვიარე ეს დღეები.

ჩვენ დავმარცხდით... პირველივე რეისზე ჩამოვალ საქართველოში, საელჩო შემპირდა პირველივე სპეცრეისით გაგიშვებთ, ბილეთსაც გიყიდითო, მადლობის მეტი რა მეთქმის. ვარაუდობენ, რომ 10 აპრილამდე შესრულდება ეს რეისი, ვიცი საქართველოში კიდევ ორი კვირა მომიწევს კარანტინში ყოფნა, მაგრამ არაფერს დავეძებ, ოღონდ ჩემს შვილებთან მივიდე. შვილებთან დედის გარეშე მიწევს ჩამოსვლა და ეს გულს მიგლეჯს, მაგრამ აუცილებლად ჩამოვალ... ძალიან იმედიანად მოვდიოდით, ხალხის დახმარებით მოგროვდა თანხა და წამოვედით. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, გამიჩნდა იმედი და რა ვიცი, უცებ ცა ჩამოიქცა ჩვენთვის. 17 წელი ვიცხოვრეთ ერთად. საოცარი ადამიანი იყო. არ იცოდა საერთოდ საუბარი პრობლემებზე, არ შეგაწუხებდა, რომ ტკიოდა, მაშინაც არ შეგაწუხებდა, სულ სხვა ბუნების იყო", - განუცხადა "კვირის პალიტრას" მამუკა ნაჭყებიამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×