რეზონანსი
30.03.2020

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 29 პაციენტიდან 3 ბავშვია. კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორი მცირეწლოვანი უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა.

ეზუგბაიას განმარტებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტებს კორონავირუსზე ტესტირება თავად კლინიკის ლაბორატორიაში უტარდებათ.

„ჩვენს პაციენტებს ჩვენ თვითონვე ვუტარებთ ტესტირებას, ჩვენი ლაბორატორია მუშაობს, როგორც ლუგარის ლაბორატორია. ცხვირ-ხახის ნაცხის ტესტირება PSR კვლევით ჩვენთან ტარდება. გუშინ 21 პაციენტის ტესტირება ჩატარდა, აქედან ნაწილი იყო ჩვენი პაციენტი, რომელთა გამოჯანმრთელებას ველოდებით და გამოჯანმრთელების პირველი PSR ტესტირების შედეგები უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მათთან მხოლოდ კონცენტრაციის მკვეთრად შემცირება დაფიქსირდა. ვნახოთ დინამიკაში როგორ გაგრძელდება. ერთთან დადასტურდა 21-დან და დანარჩენი ყველა იყო ნეგატიური. დღეს დილას მხოლოდ 4 პაციენტზე იქნა აღებული ტესტი გამოსაკვლევად, ვნახოთ დღის განმავლობაში რამდენი პაციენტი შემოგვემატება. ჩვენთან ამ ეტაპზე 29 პაციენტი რჩება, იცით, რომ 17 განკურნებული გაეწერა, აქედან 2 -მა ბავშვა დატოვა კლინიკა და 3 ბავშვი განაგრძობს ჯერჯერობით მეთვალყურეობას. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსნებეთ, საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულია 18 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში - 4876, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264 ადამიანი იმყოფება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×