რეზონანსი
02.04.2020

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, ის 37 წლის გახდებოდა.

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. მინისტრის განცხადებით, დღემდე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები, დამნაშავეები არიან დაუსჯელნი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში მისჯილი აქვთ შესაბამისი სასჯელი.

„დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, ის 37 წლის გახდებოდა. გვახსოვს და მუდამ გვემახსოვრება მისი თავგანწირვის და გმირობის ამბავი. მისი სიცოცხლე, ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს გააჩნია, მან დათმო ფაქტობრივად სამშობლოსთვის ბრძოლაში და ღირსებისთვის ბრძოლაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ეს ახალგაზრდა კაცი სასტიკი წამებით რეჟიმმა ფაქტობრივად მოკლა და დღემდე მისი მკვლელები, დამნაშავეები არიან დაუსჯელნი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში მისჯილი აქვთ შესაბამისი სასჯელი. ეს არის კიდევ ერთი ძალიან სასტიკი და ტრაგიკული მაგალითიც და შეხსენებაც იმისა, თუ რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპანტებმა 2018 წელს, 22 თებერვალს ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს გამთენიისას კი, გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ.

35 წლის ნაწამები ჯარისკაცის ცხედარი ქართულ მხარეს მხოლოდ 26 დღის შემდეგ გადმოსცეს. ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დაასახელა. ექსპერტიზის თანახმად კი, ცხედარს 100-მდე დაზიანება ჰქონდა.

უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×