რეზონანსი
04.04.2020

მოხდა ტრაგიკული შემთხვევა და მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ექიმებმა პაციენტის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს.

„ეს გახლავთ ბოლნისის კლასტერიდან მოხუცებული ქალბატონი, 79 წლის, თანმდევი ქრონიკული დაავადებებით, რომლის სიცოცხლის გადასარჩენადაც ჩვენმა ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და სწორედ მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ჩვენ ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევამ ჩვენ უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და სიმკაცრე ნაბიჯების, ეს არ არის ვიღაცის სურვილი. ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ და ყველა უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, პირველ რიგში, პასუხისმგებლები ვართ ჩვენი მშობლების, მოხუცებულების წინაშე. ეს ფაქტი, რომელიც მოხდა, არის უკიდურესად საგანგაშო. ეს არის ის ზარი, რომელიც თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს და ყველას უნდა ესმოდეს, რომ არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით არ იქნება", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

მისივე თქმით, თუ იქნება საჭირო შემდგომი ღონისძიებების გამკაცრება, ისინი გამკაცრდება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×