რეზონანსი
25.05.2020

 COVID-19-ის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ. შესაბამისად, მგზავრებს, რომელთა ფრენაც გაუქმდა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ან უცხო ქვეყნის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, უფლება აქვთ შეცვალონ ბილეთში მითითებული მგზავრობის თარიღი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს, დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ან მოითხოვონ გამოუყენებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურება, საქართველოს მიერ რეგულარული ფრენების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პირობები ვრცელდება მგზავრებზე, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ ფრენა საქართველოდან საქართველოში, აგრეთვე საქართველოდან სხვა ქვეყანაში ქართული ან უცხოური ავიაკომპანიის მეშვეობით, ასევე მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებდნენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში, ქართული ავიაკომპანიის მეშვეობით.

ამასთან, ავიაკომპანიებს არ დაეკისრებათ მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემის ვალდებულება ფრენებზე, რომელთა გაუქმება გამოწვეული იყო კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო და არა თავად ავიაგადამზიდველების მიზეზით. დროებითი საშეღავათო პირობების ამოქმედება დაეხმარება ავიაკომპანიებს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეჩერებით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავებაში და ხელს შეუწყობს აღნიშნული ავიასაწარმოების ლიკვიდობისა და ბიზნეს უწყვეტობის შენარჩუნებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია ავიაგადამზიდველების ოპერირების განახლებისთვის და რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის. ამასთან, საშეღავათო ზომების დაწესებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაიზიარა მრავალი ქვეყნის პრაქტიკა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია ე.წ. ვაუჩერების მექანიზმის დაშვებასთან დაკავშირებით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დროებითი საშეღავათო ღონისძიებები სერტიფიცირებული სუბიექტების მიმართ მიმდინარე წლის აპრილშიც დაამტკიცა. სააგენტომ დროებით, 2021 წლის პირველ ივლისამდე შეაჩერა „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის" ერთ-ერთი ნორმის მოქმედება, კერძოდ სააგენტოს უფლებამოსილება შეაჩეროს ან გააუქმოს ოპერატორის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში ავიაგადამზიდველის მიერ არსებული და პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ასევე, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ავიასპეციალისტების და ავიასაწარმოების მიმართ დაწესებული იყო საშეღავათო ზომები, რომლებიც ძირითადად ითვალისწინებდა გარკვეული დოკუმენტების მოქმედების ვადების გახანგრძლივებას და მოთხოვნების შემსუბუქებას საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტების სრულად შენარჩუნებით.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×