რეზონანსი
27.05.2020

საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და გაჩერებებზე მგზავრთა ნაკადს მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად, საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 29 მაისიდან შეცვლილი პრინციპით იმუშავებს და მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება არა მხოლოდ ტრანსპორტში, არამედ გაჩერებებზეც.

„იქნება გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, დაცული იქნება მძღოლი ბარიერით, სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და ამას გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, განსაკუთრებით მეტროში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც ტრანსპორტში, ასევე გაჩერებებზე. ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება", - განაცხადა ვიცე-მერმა.

ირაკლი ხმალაძის განმარტებით, მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება როგორც მეტროს ზედა, ისე ქვედა ვესტიბიულში. „ადამიანების რაოდენობა მეტროს ვაგონებში არ უნდა გაკონტროლდეს. კონტროლი იქნება მეტროში შეშვებაზე. გვაქვს ყოველდღიური დაკვირვების შედეგად მონაცემები, როგორ იზრდება ნაკადები პიკის საათების და სეზონების მიხედვით. შესაბამისად, ამას დაარეგულირებს სატრანსპორტო კომპანია, რომლის აღსრულებაშიც დაგვეხმარება მუნიციპალური ინსპექცია, დაცვის პოლიცია და თბილისის საპატრულო პოლიცია. ძალიან რთულია იმის თქმა, რამდენი ადამიანი უნდა შევიდეს მეტროში ერთ შეშვებაზე. ყველა მეტროს სადგურს და მიმართულებას თავისი დატვირთვა აქვს დროის და სეზონიდან გამომდინარე. ადამიანების რაოდენობის კონტროლი და დაკვირვება ხდება როგორც ზედა ვესტიბიულში, ასევე ქვედა ვესტიბიულში და თვითონ ვაგონებში. შესაბამისად, ამ ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გადაცემის შედეგად შესაძლებელია მოხდეს 2 წამის შუალედით ზედა ვესტიბიულში ნაკადების შემოდინების შეზღუდვა", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×