რეზონანსი
29.05.2020

თქვენ გაიმწარეთ ახალგაზრდობა, გირჩევთ შეიტანეთ შენატანი საპენსიო ფონდში, იქნებ სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი. ჩემო "ევრო-ნაცებო", ჩემო 3%-იანებო, გისურვებთ ტკბილ პოლიტიკურ პენსიას 2020 წლის ოქტომბრიდან, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის წარმომადგენლებს.

კობახიძემ ოპონენტებს მოუწოდა, საპენსიო ფონდს გაუფრთხილდნენ.

„ყურადღება მინდა გავამახვილო საპენსიო ფონდზე, რომელიც ამოჩემებული აქვს ოპოზიციას. მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ეს არის მიუღებელი. ამ დროს, საპენსიო ფონდი არის არა ჩვენ მიერ მოგონილი, არამედ ეს არის ის, რაც მოქმედებს ყველა ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყანაში. ეს არის მოდელი, რომელიც ემსახურება საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ საპენსიო სისტემის დამკვიდრებას. დღეს რაც გვაქვს, ეს არ არის პენსია კლასიკური გაგებით, ეს არის ერთგვარი ასაკობრივი საარსებო შემწეობა და ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, რომ საქართველოში დანერგოს ნამდვილი საპენსიო სისტემა და ჩაანაცვლოს არსებული არასწორი ასაკობრივი საარსებო შემწება. რატომ არის ეს რეფორმა ერთ-ერთი სამიზნე, გასაგებია, იმიტომ, რომ ეს არის ფუნდამეტური და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, თუმცა მე მოგიწოდებდით, ჩემი რჩევა და რეკომენდაცია იქნებოდა, რომ თქვენ, პირველ რიგში, უნდა გაუფრთხილდეთ ამ საპენსიო ფონდს. მოგიწოდებთ, შეიტანოთ მაქსიმალურად შენატანები და გეტყვით რატომ - თქვენ რეალურად გაიმწარეთ ახალგაზრდობა.

ჯერ ხელისუფლებაში იყავით 9 წელი და ეს პერიოდი დაასრულეთ სრული ფიასკოთი და კრახით. რა თქმა უნდა, ბევრ სხვას გაუმწარეთ ახალგაზდრობა და არა მარტო ახალგაზრდობა, მაგრამ თქვენც არანაკლებ სიმწარე მიიღეთ, იმიტომ, რომ როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ამთავრებ 30%-იანი სიღარიბით (მილიონ 150 ათასი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს), როდესაც ამთავრებ იმ სახელით, რომ ამწარებდი პატიმრებს ციხეებში და ეს იყო თქვენი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი, როდესაც თავი გამოიჩინეთ იმით, რომ ბიზნესის რეკეტით იყავით დაკავებული 9 წლის განმავლობაში და როდესაც თავი გამოიჩინეთ იმით, რომ მეტრს ჩააბარეთ ჩვენი ტერიტორიების 20%, ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს თქვენი ახალგაზრდობის გამწარებას. 2012 წლიდან მოყოლებული უკვე სხვა ფორმატში გაიმწარეთ ახალგაზრდობა. უკვე 6 არჩევნები მოგიგეთ ამ წლიდან მოყოლებული და წელს მოგიგებთ ძალიან მწარედ ასევე მე-7 არჩევნებს. რომ შევაჯამოთ, ნამდვილად გაიმწარეთ ახალგაზრდობა და რატომ გირჩევთ ახლა საპენსიო ფონდის გაფრთხილებას - შეიტანეთ შენატანი საპენსიო ფონდში, იქნებ სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი. ჩემო „ევრო-ნაცებო", ჩემო 3%-იანებო, გისურვებთ ტკბილ პოლიტიკურ პენსიას 2020 წლის ოქტომბრიდან",-მიმართა კობახიძემ ოპონენტებს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×