რეზონანსი
29.05.2020

ქვემო ქართლის სამი მუნიციპალიტეტი ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო საქართველოში ყველაზე მეტად დაზიანდა. ამ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს 260-მდე კოვიდდადებითი შემთხვევა, - ამის შესახებ, დღეს სოფელ მუშევაში ვიზიტისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქედან ყველაზე დაზიანებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტი. „თვითონ ბოლნისში კი განსაკუთრებით, სოფელი მუშევანი. რადგან ასეთი დაზიანებულია, გვინდოდა მთელი სოფლის გამოკვლევა მასობრივად, მაგრამ დამყოლობა იყო ცოტა რთული. ბევრი ვიმუშავეთ და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას", - განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგებმა მოსახლეობის გაფართოებული PCR ტესტირება განახორციელეს. სოფელში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მოქალაქეებს ბიოლოგიური ნიმუშები აუღეს.

ადგილზე 9 ბრიგადა მუშაობდა. დღეს სოფელ მუშევანიდან ლუგარის კვლევით ცენტრში 574 საკვლევი მასალა გადაიგზავნა, რომელთა პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი.

PCR ტესტის მეშვეობით, მოსახლეობის მასობრივი შემოწმების პროცესს დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.

სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა, ამ პერიოდის განმავლობაში კორონავირუსი 56 მოქალაქეს დაუდასტურდა, ყველა მათგანი სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, არიან გამოჯანმრთელებულებიც.

დღესვე, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, სოფელ მუშევანში მცხოვრებ ყველა ოჯახს, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 100-ლარიანი სასურსათო პაკეტები გადასცეს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×