რეზონანსი
03.06.2020

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გამოქვეყნებული აქვს რეკომენდაციები კოვიდ პანდემიის პერიოდში სასწავლო დაწესებულებების გახსნისა და მოსწავლეებისა და სტუდენტების სასწავლო დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გამოქვეყნებული აქვს რეკომენდაციები კოვიდ პანდემიის პერიოდში სასწავლო დაწესებულებების გახსნისა და მოსწავლეებისა და სტუდენტების სასწავლო დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამ რეკომენდაციებზე და არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია გავითვალისწინოთ შემდეგი:

სასწავლო დაწესებულებები მაქსიმალურად უნდა იყოს აღჭურვილი სადეზინფექციო საშუალებებით. შესასვლელებში ყველგან უნდა იყოს ხელმისაწვდომი სადეზინფექციო სითხე.

რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელის დაბანის და გამშრალებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

რეგულარულად უნდა მოხდეს ზედაპირების დეზინფექცია, რასაც რეალური მნიშვნელობა ექნება, როცა სკოლები გაიხსნება. მთავარ რეკომენდაციად აქაც რჩება დისტანციის დაცვა, მერხებს შორის მანძილი მინიმუმ 1 მეტრი.

ასევე შესაძლებლობის ფარგლებში ცვლების შემოღება, რომ მოსწავლეების რაოდენობა დროის ერთ მონაკვეთში ნაკლები იყოს და დისტანციის დაცვა უფრო გაადვილდეს. ჩვენთან ამ მხრივ შესაძლებელია ინდივიდუალური მიდგომები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებისათვის. თუ სასწავლო დაწესებულება პატარაა და სტუდენტებისა და მოსწავლეების რაოდენობა მცირეა, მაშინ უფრო ადვილად იქნება შესაძლებელი ამუშავება

ჯანმოს ამავე დოკუმენტში ერთ-ერთი რჩევაა, მაგალითად, კაფეტერიების ამუშავებისგან თავის შეკავება, სადაც უფრო მეტი რისკია ინფექციის გადაცემის, ვიდრე კლასში. გვირჩევენ, ბავშვებმა სახლიდან წამოღებული საკვები მიიღონ კლასშივე, მერხებზე. ასევე, ის სკოლები, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა საკლასო ოთახში გადადიან სხვადასხვა გაკვეთილზე, გადავიდნენ ერთ ოთახში დარჩენის რეჟიმზე, რომ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს შორის კონტაქტი შემცირდეს. იმავეს გათვალისწინება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთისაც არ იქნებოდა ურიგო.

განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ ბავშვების მშობლებმა/მასწავლებლებმა, რომელთაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადების გამო გართულებების მაღალი რისკი აქვთ.

ერთ-ერთი რეკომენდაციაა ასევე, რომ ბავშვების სკოლაში მოყვანასა და წაყვანაში მონაწილეობას ნუ მიიღებენ ხანდაზმული ბებია-ბაბუები, რომ ნაკლებად შევიდნენ კონტაქტში არა მხოლოდ თავიანთ, არამედ სხვა ბავშვებთანაც.

თერმოსკრინინგი სასწავლო დაწესებულებებშიც აქტუალურია.ჯანმო ასევე გვირჩევს, რომ სასწავლო დაწესებულებებმა გააუქმონ ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობის მოთხოვნა, რათა ამან ხელი არ შეუწყოს შეუძლოდ მყოფი მოსწავლია და სტუდენტის გამოცხადებას.

ოთახები მაქსიმალურად ხშირად განიავდეს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×