რეზონანსი
29.06.2020

ამ დრომდე სამართალდამცავებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არ დაუკავებიათ. ძალოვნებმა დამნაშავის ვინაობა დაადგინეს და მის კვალს ეძებენ. მას ერთი ახალგაზრდის მკვლელობისა და მეორის დაჭრისთვის მოუწევს პასუხისგება.

არსებული ინფორმაციით, ტრაგედიაში მონაწილე სამივე პირი - გარდაცვლილი, დაჭრილი და დამნაშავე, მეგობრები იყვნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაპირისპირების კონკრეტული მიზეზი მათთვის უცნობია, თუმცა სავარაუდო მიზეზად საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება სახელდება.

ცნობილია ისიც, რომ შემთხვევის ადგილზე ორი გასროლა გაისმა, მაშინვე ორივე დაჭრილი

საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, 28 წლის შოთა მაზმიშვილი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო მისი მეგობარი ანზორი ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის, მას ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული, ოპერაცია ჩაუტარდა და ყველაფერი კეთდება მის გადასარჩენად.

"ჭრილობა იყო გამჭოლი კისრის არეში. დაზიანებული ჰქონდა მარჯვენა პლევრის ღრუ და მაგისტრალური სისხლძარღვები. მოხდა სისხლძარღვების მთლიანობის აღდგენა გულმკერდის ღრუს დრენირება. პაციენტის მდგომარეობა ამჟამად მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ინტენსიური მკურნალობა გრძელდება", - აცხადებს გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალის" ექიმი.

ცნობილია, რომ დანაშაული ქუჩაში მოხდა. ჰყავს თუ არა მომხდარს თვითმხილველი, ჩვენთვის უცნობია.

"გარდაცვლილი ახალგაზრდა, შოთა მაზმიშვილი სოფელ ახაშენიდან იყო - კარგ და მშრომელ ახალგაზრდას  ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა... სამწუხაროა, რაც მოხდა. მეორე დაჭრილი, ანზორი, მისი უახლოესი მეგობარია, ეს ბიჭები სულ ერთად იყვნენ. ერთად შრომობდნენ. ანზორი ჩუმლაყელია და მისი სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დატრიალდა ეს ტრაგედია. როგორც ამბობენ, ყველანი ნასვამები იყვნენ, მაგრამ რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ვერ გეტყვით. არც ის ვიცი, ვინ არის ბრალდებული. სხვადასხვა ვერსია გავრცელდა, სხვადასხვა ახალგაზრდა დასახელდა და ამიტომ ვერ ვისაუბრებ, ალბათ პოლიცია მალე იტყვის ვინ არის დამნაშავე. დაჭრილი და გარდაცვლილი დიდი ხნის მეგობრები არიან, როგორც ჩანს, სუფრაზე იყვნენ ცოტა დალიეს და მერე კოფლიქტი მოუხდათ... როგორც ამბობენ, საქმეში ფიგურირებს "გლოკის" სისტემის პისტოლეტი. ვწუხვართ ძალიან, დაჭრილიც და გარდაცვლილიც არასოდეს ყოფილან კონფლიქტში შემჩნეულები. პატიოსანი ბიჭები იყვნენ და ამიტომ ძალიან გვიჭირს იმის გაანალიზება, რაც მოხდა... ", - გვითხრა ჩუმლაყის მაცხოვრებელმა.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ახაშენელებსაც. ისინი დადებითად ახასიათებენ შოთას და ამბობენ, რომ ის უკონფლიქტო პიროვნება იყო. "მკვლელობის მიზეზები ჩვენთვის უცნობია, იმ დღეს მეგობართან იყო შოთა, ჩვენს გვერდით სოფელში, იქ რა მოხდა, არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ის რომ ტრაგედია სოფელში მაღაზიის წინ მოხდა.

რატომ მოკლეს ეს უბოროტო ადამიანი არ ვიცით...  იმედი გვაქვს, რომ გამოძიება დაადგენს ყველაფერს და დამნაშავეს საკადრისად დასჯის. შოთას 2- და 4 წლის პატარები დარჩა, მეუღლეც ძალიან ახალგაზრდა ჰყავს, გაუბედურდა ოჯახი და ძალიან განვიცდით მომხდარს",  - გვითხრა მაზმიშვილების მეზობელმა.

წყარო: კვირის პალიტრა

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×