რეზონანსი
30.06.2020

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

„დღეს განვიხილეთ ეუთო-ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე წარმოდგენილი ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში. ესაა ერთწლიანი მუშაობის შედეგი. ამ ერთი წლის განმავლობაში, საკმაოდ ფართო ჩართულობა იყო უზრუნველყოფილი როგორც პოლიტიკური, საპარლამენტო, არასაპარლამენტო პარტიები, ასევე, იყვნენ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სახელმწიფო ინსტიტუციები და ყველა დაინტერესებული პირი.

შედეგად, ჩვენ, პრაქტიკულად, ყველა ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც წარმოადგინა ეუთო-ოდირმა, ავსახეთ იმ რეალობის გათვალისწინებით, რა მოცემულობაც გვაქვს და რის რესურსიც იყო. იყო, მაგალითად, ისეთი საკითხები, როგორიცაა სიძულვილი ენა. წესით, ყველა უნდა ვთანხმდებოდეთ იმაზე, რომ სიძულვილის ენა მიუღებელი და დაუშვებელია, თუმცა სამწუხარო რეალობა არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვა სუბიექტებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ ეს შეიძლება, განხილული იყოს აზრის გამოხატვის შეზღუდვის ფარგლებში, რასაც მე არ ვიზიარებ, თუმცა ამ საკითხზე ვერ შედგა კონსენსუსი და რეალურად, საკითხი გადაწყდა სიძულვილის ენის სასარგებლოდ. ესაა სამწუხარო რეალობა.

აღსანიშნავია საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ცვლილებებიც, ცვლილება, რომელიც ეხება მედიას, წინასაარჩევნო პერიოდში საეთერო დროს, საარჩევნო დავების შემჭიდროვებულ ვადებში გადაწყვეტას და ასევე, დაფინანსების უფრო სამართლიან პრინციპს პატარა პარტიებისთვის. ვისაც ჰყავს 50 ათასამდე მხარდამჭერი, მათ უფრო მეტი რესურსი აქვთ, ვიდრე იმ პარტიებს, რომელთაც მეტი მხარდამჭერი ჰყავთ. 50 ათასამდე მხარდამჭერის შემთხვევაში, ერთ ხმაზე 15 ლარია, ამ რაოდენობაზე მეტი მხარდამჭერის შემთხვევაში კი, 5 ლარი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ უფრო პატარა პარტიებისთვის არის მეტი რესურსი, შესაძლებლობა და სტიმული დაფინანსების მისაღებად“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×