რეზონანსი
06.07.2020

ბრიტანული მაუწყებელი „ბიბისი“ ქართველი ეპიდემილოგების შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით – „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო მოხვდა 15 ქვეყნის სიაში, რომლებსაც ევროკავშირი საკმარისად უსაფრთხოდ მიიჩნევს იმისთვის, რომ საზღვრების გაუხსნას. საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა.

3,7 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ათასზე ნაკლები შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილია 15 ადამიანი. როგორც სტატიაშია ნათქვამი, პანდემიაზე წარმატებული რეაგირების მართვისთვის აქებენ სახელმწიფო მეცნიერთა ჯგუფს, რომლესაც „სამი მუშკეტერი“ უწოდეს.

შედარებისთვის, მეზობელ სომხეთში კორონავირუსი მძვინვარებს. ყოველდღიურად ვლინდება „კოვიდ-19“-ის ასობით ახალი შემთხვევა, საერთო რაოდენობამ კი 26 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვი დაახლოებით 500-ს შეადგენს.

„ბიბისი“ წერს, რომ საქართველოში ახალი კორონავიუსის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დარეგისტრირდა, რაზეც მთავრობის რეაგირება მყისიერი იყო. მარტის შუა რიცხვებში ყველა სკოლა, უნივერსიტეტი არაარსებითი მნიშვნელობის ბიზნესი დაიხურა და შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. 21 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები და ქალაქის შიგნით გადაადგილება. ამოქმედდა ღამით კომენდანტის საათი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულის, მართლმადიდებელი აღდგომის დროს, ხელისუფლებამ აკრძალა კერძო ტრანსპორტით მოძრაობა და დაკეტა სასაფლაოები.

„ჩვენ გავითვალისწინეთ პანდემიის საფრთხე პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე. ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორიცაა ჩვენი ადგილმდებარეობა და სიმცირე, ჩვენ ვერ გამოვიყენებდით სხვა ქვეყნების მაგალითებს“, – განუცხადა „ბიბისის“ წერილობით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

„ბიბისი“ წერს, რომ საინფორმაციო კამპანიასა და რეგულარული სიახლეების გამოქვეყნებას უძღვებოდნენ ქვეყნის მთავარი მეცნიერები, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC). როგორც სტატიაშია ნათქვამი, აღნიშნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია რუსული დეზინფორმაციის მუდმივი სამიზნეა.

„რუსული მხარე მას აშშ-ის ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო პროგრამაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. თუმცა მისი მეცნიერები პანდემიის წინააღმდეგ ქვეყნის ბრძოლას ჩაუდგნენ სათავეში“,- წერს სტატიის ავტორი.

„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეცნიერებმა დაიმსახურეს დიდი პატივისცემა. სამეულში შედიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე, რომელიც თბილისის ინფექციურ დაავადებათა, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს ხელმძღვანელობს.

კიდევ ერთი პოპულარული ფიგურა – საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის სახეა მარინა ეზუგბაია, რომელიც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორია.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×