რეზონანსი
10.07.2020

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას, ინფორმაციით, იმ კანონპროექტის შეცვლა იგეგმება, რომლის თანახმადაც კომუნიკაციების კომისიას ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას ანიჭებდა. კაკულიას განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტმა მედიაში მღელვარება გამოიწვია, მისი წარმოდგენილი ვერსიით მიღება აღარ მოხდება.

„ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ" კანონში გაწვეული იქნება იმიტომ, რომ დღეისთვის, წინასაარჩევნოდ, ასეთი მოცემულობით ამ თემის განხილვა საჭირო არ არის. რაც შეეხება ოპერატორებს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი დაჩქარებულია, არ ნიშნავს იმას, რომ დაცული არ უნდა იყოს კანონის მიღების თუნდაც მინიმალური სტანდარტები. აშკარად ჩანდა, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა იყო და დაჩქარებულ დროში, ხვალ-ზეგ შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა კომუნიკაციის დეფიციტი აღმოვფხვრათ და ყველა ის არგუმენტი, რომელიც არსებობს სექტორში, კიდევ ერთხელ იყოს გააზრებული მარეგულირებელთან ერთად. კანონის არათუ გამკაცრება, არამედ იმ ინსტრუმენტის შემოღება ხდება, რომელმაც ძალიან მძიმე სანქციების გამოყენების აუცილებლობა არ უნდა გახადოს საჭირო. ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ სექტორს არ ჰქოდნეს განცდა, რომ არსებული რეგულაციები შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული მომავალში. სექტორის წარმომადგენლები არ არიან წინააღმდეგი, რომ ასეთი ცვლილება არსებობდეს, მაგრამ აუცილებელია, დაზუსტდეს მოცემულობა და ის მიზეზები, რომლითაც განისაზღვრება დროებითი მმართველის შესვლა კონკრეტულ ოპერატორთან," - განაცხადა კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭება. კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიის საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით საფრთხეს შეიცავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
vova   (10.07.2020)
vai vai shishi oxeria


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×