რეზონანსი
14.07.2020

ამ კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება არ შეიცავს არავითარ რისკებს, ამაზე საუბარიც ზედმეტია, მათ შორის, ადამიანის უფლებების არაკონსტიტუციური შეზღუდვის კუთხით და მეორე მხრივ, მისი მოქმედების ვადის გაგრძელება აუცილებელია, რათა ეფექტიანად განვაგრძოთ აქამდე ეფექტიანად წარმოებული ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონპროექტზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მსჯელობენ. კანონპროექტი 2020 წლის 15 ივლისამდე გასატარებელი დროებითი ღონისძიებების მოქმედების ვადის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.

„ჩვენ თავის დროზე მოვისმინეთ არაერთი სპეკულაციური და დემაგოგიური განცხადება, მარტიდან მოყოლებული, არა მარტო ამ კანონთან დაკავშირებით, არამედ მარტიდან მოყოლებული, როდესაც მიიღებოდა სხვადასხვა ტიპის ზომები პანდემიასთან საბრძოლველად. თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიციის კრიტიკის ქვეშ იყო აბსოლუტურად ყველა ზომა, რომელიც მიღებულია პანდემიის წინააღმდეგ და ბოლოს როგორც გაირკვა, თითოეული ეს ზომა აღმოჩნდა არა მარტო ეფექტიანი, არამედ აუცილებელიც იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რასაც მივაღწიეთ და ეს შედეგი არის ის, რომ საქართველო დღეს არის ერთგვარი მწვანე კუნძული როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში და მსოფლიო მასშტაბითაც კი, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაცემები პანდემიასთან ბრძოლის კუთხით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მიღწეული შედეგების შენარჩუნება მმართველი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ მინიმალური შეზღუდვების ძალაში დატოვება, რომელსაც ეს კანონი ითვალისწინებს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უკიდურესი ზომაა. ამ შემთხვევაში, გვაქვს იმის საშუალება, რომ არ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა, შესაბამისად, მათ შორის, საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ ის არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს 31 ოქტომბერს და შედარებით რბილი ზომებით, რომელსაც ითვალისწინებს ეს კანონი, ჩვენ შეგვიძლია, განვაგრძოთ პანდემიასთან ეფექტური ბრძოლა და შევინარჩუნოთ ის ვითარება, რომელიც დღესაც არის ჩამოყალიბებული", - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×