რეზონანსი
15.07.2020

სამშენებლო და სამედიცინო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები გაიზარდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მერია ძალიან დიდი ყურადღებას აქცევს არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას.

„დაწყებული გვაქვს ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი - პარკები, სკვერები, საქალაქო პარკების რეაბილიტაცია, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, რათა გამოვასწოროთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, მივიღოთ ის სურათი, რომელიც გვინდა და მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობისთვის. ქალაქში სერიოზული გამოწვევაა სამედიცინო და ინერტული ნარჩენები. სამედიცინო ნარჩენები ანტისანიტარიისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პირველი წყაროა. ინერტული მასალები, როგორც ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულების მუშაობა, ბევრი ჯარიმა გამოიწერა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ჯარიმების გამოწერა დამრღვევებისთვის იყო შვება. ეს ადამიანები უპრობლემოდ იხდიდნენ ჯარიმას, გრძელდებოდა ამ ნარჩენების დაყრა ქალაქის სხვადასხვა კუთხეში, უბნებში, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენდა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე დედაქალაქისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შემუშავდა საკანონმდებლო პაკეტი ნარჩენების მართვის კოდექსში, რომელიც წარედგინა პარლამენტს და დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

„ჯარიმები გაიზარდა სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე, ფიზიკური პირის მიმართ 25-ჯერ, ხოლო იურიდიული პირის მიმართ 10-ჯერ. სამედიცინო ნარჩენების შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქცია გაზრდილია 10-ჯერ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერით გამოვასწოროთ არსებული მდგომარეობა ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ხდებოდა დაჯარიმება, ეს შვება იყო მათთვის, რადგან დაბალი იყო ჯარიმები. სახიფათო სამედიცინო ნარჩენების შემთხვევაში ფიზიკური პირი ნაცვლად 500 ლარისა, დაჯარიმდება 5 000 ლარით, იურიდიული პირი - 1000 ლარის ნაცვლად, დაჯარიმდება 10 ათასი ლარით. რაც შეეხება სამშენებლო და სხვა ინერტული ნარჩენების შემთხვევებს, ფიზიკური პირი, რომელიც 200 ლარით ჯარიმდებოდა, დაჯარიმდება 5000 ლარით, იურიდიული პირი, 1500 ლარის ნაცვლად, დაჯარიმდება 15 000 ლარით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ინეტრული ნარჩენების თვალსაზრისით მოვაგვაროთ არსებული მდგომარეობა. მადლობა პარლამენტს. რაც შეეხება აღსრულებას, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ამას დიდი ყურადღებას მიაქცევენ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არსებული რეალობა გამოვასწოროთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×