რეზონანსი
15.07.2020

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის კატეგორიული მოთხოვნაა, საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდეს.

როგორც კობაიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, საქმეზე აღებულია ასევე წყლის ექსპერტიზაც და თუ დადასტურდება, რომ დაკავებულის ტანსაცმელზე, სხეულზე არაგვის წყალი იყო, მაშინ შესაძლებელია გარკვეულ კომუნიკაციაზე იყოს საუბარი.

„მოგეხსენებათ, დაზარალებულის პოზიცია არის ის, რომ განსაკუთრებით მძიმედ ჩადენილ მკვლელობასთან დაკავშირებით ექვსივე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს. მე გავიარე კონსულტაცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან. მისგან მივიღეთ ინფორმაცია და კატეგორიულად მოგვთხოვა, რომ ჩვენ ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, რის საფუძველზეც დადასტურდება, რომ იქ ყოფნის ხანგრძლივობა არ აღემატება 5 წუთს. ვაპირებთ, ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი იმასთან დაკავშირებით, რამდენად რელევანტურია, რომ 5 წუთში ეს ადამიანები სცემდნენ კიდეც ადამიანს და შემდეგ უკვე წყალში ჩაიყვანეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ საგამოძიებო ექსპერიმენტს ჩავატარებთ, ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის კატეგორიული მოთხოვნაა", - აცხადებს კობაიძე.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი აღნიშნავს, რომ გიორგი შაქარაშვილს არ დადევნებიან. როგორც ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, გიორგი შაქარაშვილსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფს შორის არავითარი შემხებლობა არ არსებობს.

"კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არანაირი შემხებლობა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსა და შაქარაშვილს შორის არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ჩავატაროთ ახლა საგამოძიებო ექსპერიმენტი და რასთან დაკავშირებით - პირველი, მიდის „ტოიოტა კამრი", საიდანაც სწრაფი ნაბიჯებით გადადიან ეს ახალგაზრდები, რომლებიც ავტომობილში ისხდნენ, შემდეგ მძღოლი და სამი პირი ბრუნდება, სხდებიან ავტომობილში, საგურამოს მიმართულებით მიდიან და ბრუნდებიან ისევ იმ ადგილზე. ზუსტად 3 წუთში მანქანა ისევ უკან მოდის და ამ 3 წუთის განმავლობაში 3 პიროვნება არის იქ, ერთ-ერთი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ვინმეს იქ რაიმე ფორმით რომ ეძალადა, პირველ რიგში ამ შემთხვევაში, ბატონი გაგნიძე დაინახავდა, ასეთი რამ არ ყოფილა. ამირხანაშვილი და ახვლედიანი ამბობენ, რომ ხმები ესმოდათ. ე.ი მათი სივრცის არეალიდან გასულები არ იყვნენ.

ასევე, გუშინ, როდესაც მასალებს გავეცანით, აღებულია ყველანაირი სახის ექსპერტიზა, მაგალითად წყლის ექსპერტიზაც. შესაბამისი ქიმიური შემცველობის კომპონენტები აქვს არაგვის წყალს, თუ დადასტურდება მათ ტანსაცმელზე, სხეულზე არაგვის წყალი იყო, მაშინ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მათ შორის კომუნიკაცია შედგა. ამიტომ, ამ ექსპერტიზის პასუხსაც ველოდებით. ჯერჯერობით, პასუხი არ არის. კატეგორიულად მეუბნება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომ ხიდის ქვეშ არავინ ჩასულაო, არ გაკიდებიან", - აცხადებს ადვოკატი.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×