რეზონანსი
19.07.2020

მსოფლიო ისტორიაში არცერთ ხილს არ ჰქონია ისეთი სიმბოლური და მრავალმხრივი დატვირთვა, როგორც ვაშლს - ლეგენდარული ტროას ომი განხეთქილების ვაშლით იწყება, ნიუტონს რომ თავში მოხვდა იმ ვაშლმაც არანაკლებ შეცვალა სამყარო, თუმცა, მანამდე ჯერ კიდევ აქემენიდები ამბობდნენ, რომ 40 ვაშლს თუ შეჭამ, ყველა სურვილი აგისრულდებაო...

ვაშლის შესახებ არსებულ ლეგენდებს სათვალავი არა აქვს, ეს ამ უნიკალური ხილის სასარგებლო თვისებების ადექვატური ასახვაა, თუმცა., მიუხედავად ამისა, არის უამრავი კითხვა ვაშლთან დაკავშირებით.

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

არის თუ არა მართებული მოსაზრება, რომ ვაშლი ყველაზე სასარგებლო ხილია? 

ყველა ხილს თავისი სარგებელი აქვს, თუმცა, ფაქტია, რომ ვაშლი მსოფლიოში  ყველაზე მოთხოვნადი ხილია. იგი მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოს, წყალს და ანტიოქსიდანტებს. ვაშლი შეიცავს შაქარს (ფრუქტოზა, საქაროზა, გლუკოზა). ვაშლის ანტიოქსიდანტურ თვისებას განაპირობებს მისი შემადგენელი კვერცეტინი, კატექინი და ქლოროგენის მჟავა. 

კვერცეტინს აქვს ანთების საწინააღმდეგო, სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტიდეპრესიული ეფექტი. კატექინი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც აუმჯობესებს თავის ტვინის და კუნთოვანი ქსოვილის მუშაობას. ქლოროგენის მჟავა კი ეფექტურია წონის კლების პროცესისთვის. 

ვიტამინებიდან ვაშლი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რაც კიდევ უფრო ზრდის ვაშლის ანტიოქსიდანტურ თვისებებს. ვაშლი ეფექტურია გულის ფუნქციონირებისთვის მასში არსებული კალიუმის დახმარებით. 

ვაშლი შეიცავს A, B1, B2, B6, C, E, PP ვიტამინებს, ასევე მინერალებს: კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, მანგანუმი, ფტორი, ქლორი, სპილენძი, გოგირდი, სილიციუმი და სხვა. ვაშლი განსაკუთრებულად მდიდრია იოდით და კარგი პროდუქტია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე პირებისთვის. ასევე შეიცავს ლიმნის, ვაშლის და სხვა ორგანულ მჟავებს.  100 გრამი ვაშლი 55-60 კილოკალორიაა. მისი მიღება ადამიანის ჯანმრთელობისთვის კარგია. 

რა დადებით ეფექტები გააჩნია ვაშლს ჯანმრთელობისათვის? 

ვაშლი აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას, შესაბამისად ეფექტურია სიმსუქნის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ლიპიდური ცვლის დარღვევის დროს. ვაშლი ამცირებს ქოლესტერინს სისხლში, რის ფონზეც უმჯობესდება სისხლძარღვთა გამავლობა და სისხლის მიმოქცევა. ვაშლის ჩართვა რაციონში კარგი არჩევანია, ის არ არის ტკბილი დესერტების შემცვლელი, სამაგიეროდ, უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. 

ვაშლი ასევე ეფექტურია წონის კლების პროცესში. ვაშლის შემადგენელი ქლოროგენის მჟავა ახდენს ღვიძლის დეტოქსიკაციას და აუმჯობესებს მის ფუნქციას. ვაშლი აუმჯობესებს მეხსიერებას და თავის ტვინის მუშაობას. ვაშლის კანის შემადგენელი ფლავონოიდები და C ვიტამინი ვაშლს მატებს ანტიკანცეროგენულ ეფექტს, რის ფონზეც ხდება გარკვეული პრევენცია ონკოლოგიური დაავადებების განვითარების. 

გარდა ამისა, C ვიტამინის დახმარებით აძლიერებს იმუნიტეტს, ხოლო ბორის დამსახურებით აუმჯობესებს ძვლების სიმკვრივეს, რაც ოსტეოპორიზის განვითარების ერთგვარი პრევენციაა. რკინის დახმარებით ვაშლის მიღება  ეფექტურია ანემიის პრევენციისა და მკურნალობის პროცესში.

რამდენად ეფექტურია ვაშლი ყაბზობის დროს?

ვაშლის მიღება ყაბზობის დროს კარგია. ზოგადად კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს ვაშლის მიღება რეკომენდირებულია, რადგან იგი შეიცავს პექტინს, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. პექტინი არის რთული ნახშირწყალი - ბუნებრივი პოლისაქარიდი. მისი დახმარებით უმჯობესდება ნაწლავების მოძრაობა და საკვების მონელება, ასევე უმჯობესდება ლიპიდური სპექტრი (ქოლესტერინის დონე სისხლში). პექტინის შეწოვა პრაქტიკულად არ ხდება ორგანიზმში, რაც მისი კიდევ ერთი უპირატესობაა. იგი შთანთქავს ქოლესტერინს და სხვა მავნე ნივთიერებებს, შემდეგ კი გამოიყოფა ორგანიზმიდან. 

პექტინის დამსახურებით ვაშლი აუმჯობესებს კუჭის ლორწოვანი გარსის მდგომარეობას, ამცირებს ეროზიებს და აუმჯობესებს ნაწლავურ მიკროფლორას. გაუმჯობესებული მიკროფლორა კი უკეთესი კუჭის მოქმედების წინაპირობაა. 

ვაშლის გარდა პექტინს ასევე  შეიცავს სხვადასხვა ხილ-ბოსტნეული, მაგალითად: მსხალი, კომში, ქლიავი, ბანანი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, ალუბალი, ყურძენი, მარწყვი,სტაფილო, მწვანე ლობიო, პომიდორი, კარტოფილი და სხვა. თუმცა, ყველაზე დიდი რაოდენობით არის ვაშლის შემადგენლობაში, განსაკუთრებით კი ვაშლის კანში. ექიმების მხრიდან ხშირი რეკომენდაციაა რომ ვაშლი მიირთვან უზმოდ და უმჯობესია კანიანად. ამის მიზეზი მისი იდეალური შემადგენლობაა. ვაშლი საუზმეზე ნამდვილად კარგი არჩევანია. 

დღის რომელ მონაკვეთშია უფრო ეფექტური ვაშლის მიღება?

ვაშლის  მიღება სასურველია დილით, რადგან მასში არსებული პექტინი ასტიმულირებს ნაღვლის წვენის გამოყოფას, რაც აუმჯობესებს საკვების მონელებას. კვების დაწყება ვაშლით ეხმარება კუჭ-ნაწლავს შემდგომში მიღებული საკვების მონელებაში. გარდა ამისა, ვაშლის მიღებით იზრდება ენერგია და შრომისუნარიანობა. 

ვაშლის საღამოს მირთმევას მხოლოდ მათ ვურჩევდი ვისაც წონის დეფიციტი აქვთ და სურთ წონის მომატება. ვაშლი შეიცავს მარტივ ნახშირწყლებს (საქაროზა, გლუკოზა, ფრუქტოზა), იმისთვის რომ სისხლში არსებული გლუკოზა (შაქარი სისხლში) ორგანიზმის ყველა ქსოვილის უჯრედში მოხვდეს საჭიროა კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ინსულინის გამოყოფა. ინსულინი კი თავის მხრივ ასტიმულირებს ცხიმების სინთეზს რაც შედეგად იწვევს გაცხიმოვნებას, წონის მატებას. ამიტომაც ძილის წინ რეკომენდირებული არ არის როგორც ვაშლის ასევე ზოგადად მარტივი ნახშირწყლების (ცომეული, პურ-ფუნთუშეული, ტკბილეული) მიღება. ყველაფერში მნიშვნელოვანი მაინც ზომიერებაა. ნორმალური ან ჭარბი წონის მქონე პირები თუ პერიოდულად საღამოს მცირე რაოდენობით ვაშლს მიირთმევენ, მნიშვნელოვან პრობლემას არ წარმოადგენს.  ზოგადად უმჯობესი იქნება როგორც ვაშლის, ასევე სხვა ნებისმიერი ხილის მიღება დღის პირველ ნახევარში. ეს რეკომენდაცია ეხება მჟავე გემოს მქონე ხილსაც. 

ვაშლის შემადგენელი მჟავები ზრდის კუჭის წვენის მჟავიანობას და მიზეზია გულისრევის შეგრძნებისა და დისკომფორტის ეპიგასტრიუმის არეში. 

მაქსიმალური ეფექტის მიღებისას ხომ არ სჯობს ვაშლი წვენის სახით მივიღოთ?

აქტუალური კითხვაა -  თუ რომელია უმჯობესი ხილის სუფთა სახით მიღება თუ როგორც წვენი... რა თქმა უნდა, უმჯობესია როგორც ვაშლი, ასევე სხვა ნებისმიერი ხილი, მივირთვათ ცოცხალი სახით, კანიანად. სრულად მივიღოთ მისი შემადგენელი საკვები ბოჭკო, გარკვეული ნივთიერებების დანაკარგის გარეშე. ვაშლის შემადგენელი ვიტამინები ძირითადად წყალში ხსნადი ვიტამინებია რაც არ საჭიროებს ცხიმის დამატებას.

მიუხედავად ვაშლის უამრავი სასარგებლო თვისებისა, მისი მიღებისას არის თუ არა რაიმე შეზღუდვა?

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ( პეპტიური წყლულის) არსებობის შემთხვევაში უზმოდ ვაშლის მიღება კიდევ უფრო გააუარესებს ნაწლავთა მდგომარეობას მასში არსებული ბუნებრივი მჟავების შესაბამისად, შეზღუდვა ეხება მხოლოდ უზმოდ მიღებას.

ნებისმიერი ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებმა უნდა მიირთვან შედარებით მომჟავო გემოს მქონე ვაშლი, საგულისხმოა, რომ უპირატესობა შედარებით ნაკლებად ტკბილ ვაშლს ენიჭება. ნაკლებად ტკბილი ვაშლია ბროცკი და ანტონოვკა.

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×