რეზონანსი
26.07.2020

მიკროელემენტ იოდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იოდი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შეუცვლელი ნაწილია. შესაბამისად, მისი დეფიციტი მნიშვნელოვნად აუარესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.  ამასთან დაკავშირებით არის უამრავი კითხვა 

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

რა გავლენა აქვს იოდის დეფიციტს ადამიანის ჯანმრთელობაზე? 

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები თიროქსინი (T4) და ტრიიოდთირონინი (T3) შედგება იოდის მოლეკულებისგან. სწორედ ამიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა იოდის სასურველ დონეს ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

იოდის დეფიციტი მრავალი უარყოფითი ეფექტით აისახება, როგორიცაა მაგალითად: ზრდის და განვითარების შეფერხება, ინტელექტუალობის კოეფიციენტის (IQ) შემცირება, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური სტატუსის დარღვევა, ფარისებრი ჯირკვლის მოცულობის გაზრდა. 

მკვეთრად გამოხატული იოდდეფიციტი ორსულობის პერიოდშიც საკმაოდ საყურადღებოა, იგი ნაყოფის თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის ანუ თანდაყოლილი კრეტინიზმის მიზეზია, ეს დაავადება მძიმე გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხებით მიმდინარეობს. 

საბედნიეროდ აღნიშნული დაავადება ბოლო პერიოდში პრაქტიკულად აღარ გვხვდება, რადგან დღეს აღმოფხვრილია იოდდეფიციტის პრობლემა და იოდის მიღება საკვების სახით საკმარისად ხდება. ასევე ყველა ორსულს უტარდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა.

საქართველოში განსაკუთრებით გავრცელებული იყო ჩიყვი მაღალმთიან რეგიონებში, რით აიხსნება ეს ფაქტორი?

მაღალმთიან რეგიონებში საკმაოდ ხშირი იყო ჩიყვი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის მოცულობის გაზრდა. მოსახლეობის დაახლოებით 30%-ში აღინიშნებოდა ეს დაავადება. ასეთი გაზრდილი სტატისტიკის მიზეზი ამ რეგიონში მიკროელემენტი იოდის დეფიციტი გახლდათ. დაავადების ფართო გავრცელების გამო მას ენდემური ჩიყვი ეწოდა.

აქედანვე უნდა ვთქვათ, რომ ჯანმრთელობის სწორი პოლიტიკის წყალობით, ეს საკითხი მეტ-ნაკლებად გადაიჭრა. საქართველოში რამდენიმე ათეული წლის წინ მართლაც საკმაოდ იყო გავრელებული იოდდეფიციტით განპირობებული ენდემური ჩიყვი მთიან რაიონებში სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, მთიანეთში.... 

ენდემური ჩიყვისთვის დამახასიათებელია ფარისებრი ჯირკვლის მოცულობის გაზრდა, გადიდება, ეს დაავადება იწვევს გონებრივი განვითარების შემცირებას, საერთო სისუსტეს, ადვილად დაღლას, კანის სიმშრალეს, ყაბზობას, წონის მატებას, თავის ტკივილს, რეფლექსების დაქვეითებას, მიმიკის გაღარიბებას, თმის ცვენას, ფრჩხილების მტვრევადობას. გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი ირგვლივ მდებარე ორგანოებზე ადგილობრივი ზეწოლის ფონზე იწვევს ხველას, ხმის ტემბრის შეცვლას, უცხო სხეულის შეგრძნებას ყელში და სხვა ჩივილებს.

რამდენად ხშირია იოდდეფიციტი დღეს?

ფართოდ გავრცელებული იოდდეფიციტის პრობლემა მარტივად აღმოიფხვრა იოდიზირებული მარილის რაციონში ჩართვით. ამ ეტაპზე იოდდეფიციტის შემთხვევები მკვეთრად შემცირებულია, იშვიათად მხოლოდ მთიან რაონებშია. იოდიზირებული მარილის გამოყენებამ მდგომარეობა სრულად გამოასწორა. 

მართალია თავად სუფრის მარილის ჭარბი რაოდენობით მიღება რეკომენდირებული არ არის, თუმცა მისი ზომიერი რაოდენობით მიღება, სხვა იოდის შემცველ პროდუქტებთან ერთად სრულიად ავსებს იოდის დღიურ ნორმას და არ საჭიროებს იოდის პრეპარატების მიღებას. 

როგორია იოდიზირებული მარილის გამოყენების წესები?

იმისათვის რომ იოდიზირებულმა მარილმა მისი სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს და შეინარჩუნოს მასში დამატებული იოდი, მნიშვნელოვანია მისი შენახვისა და მოხმარების პირობების დაცვა. იოდი იშლება მაღალ ტემპერატურაზე და მაღალი ტენიანობის პირობებში, ამიტომ რეკომენდირებულია იოდიზირებული მარილის შენახვა ბნელ, გრილ ადგილას, ჰერმეტულ ჭურჭელში. ხოლო საკვებში მისი გამოყენება უმჯობესია უშუალოდ მირთმევის წინ და არა მომზადების პროცესში, რომ არ მოხდეს იოდის აორთქლება. 

თვითნებურად იოდის პრეპარატების მიღება არ არის რეკომენდირებული. მისი მიღება დაშვებულია მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ექიმის რეკომენდაციით.

იოდდეფიციტის რისკი განსაკუთრებულად დიდია ორსულობის პერიოდში… საინტერესოა  იოდის რა დღიური ნორმაა საჭირო იმისათვის, რომ ეს პრობლემა ქალებმა თავიდან აიცილონ?

ორსულობის პერიოდში განსაკუთრებით ორსულობის 12-16 კვირამდე მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობით იოდის მიღება ორსული დედის მიერ, რათა ნაყოფის განვითარებას ხელი არ შეეშალოს. ორსულობის პირველ ტრიმესტრში (ორსულობის 12 კვირამდე)  ნაყოფი ვერ წარმოქმნის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს და სრულად არის დამოკიდებული დედის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე. ორსული ქალის მიერ იოდის მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრში ამიტომ არის მნიშვნელოვანი. 

ორსულობის პერიოდში რეკომენდირებულია დღეში 150-300 მკგ იოდის მიღება. გარდა ამისა ორსულმა უნდა გამოიკვლიოს ფარისებრი ჯირკვალი ორსულობის ადრეულ ვადაზე (12 კვირამდე) მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა რაიმე სახის ჩივილი, საჭიროების შემთხვევაში კი აუცილებელია დროული მკურნალობა. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა ნაყოფის როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარების შეფერხების გამომწვევია, აფერხებს ნაყოფის ზრდა-განვითარებას. სწორედ ამიტომ ენიჭება ორსულობის პერიოდში მის გამოკვლევას და დროულ მკურნალობას დიდი მნიშვნელობა. 

ყველაზე მთავარი კითხვა - როგორ ავიცილოთ თავიდან იოდის დეფიციტი?

იოდის წარმოქმნა ორგანიზმში არ ხდება, მისი შევსვება შესაძლებელია საკვების სახით. ამიტომ ერთადერთი მართებული გამოსავალი სწორი და ჯერადი კვებაა. იოდის შემცველი პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. იოდს შეიცავს: ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, თევზის ქონი, ხიზილალა, ზღვის კომბოსტო, კვერცხი, რძე, კარაქი, ყველი, ხაჭო, გოგრა, ფეიხოა, ლიმონი, კარალიოკი, ბანანი, პამიდორი და სხვა.

1/4  ჩაის კოვზი იოდიზირებული მარილი შეიცავს 70 მკგ იოდს რაც დღიური ნორმის დაახლოებით 40%-ია. 1 ც კვერცხი 24 მკგ იოდს შეიცავს, 1 ფინჯანი იოგურტი კი 75 მკგ იოდს შეიცავს. რეკომენდირებულია ყოველდღიური რაციონი იყოს მრავალფეროვანი და მდიდარი იოდის შემცველი პროდუქტებით. 

იოდის მიღება ჰაერისა და წყლის საშუალებითაც ხდება. ზღვის წყალი მდიდარია მიკროელემენტებით და მათ შორის უხვი რაოდენობით შეიცავს იოდსაც. ასევე ჰაერი ზღვის სანაპიროზე შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს და სხვა მიკროელემენტებს. განსაკუთრებით დიდია ჰაერში იოდის შემცველობა შტორმის დროს. ზღვის სანაპიროზე მცხოვრები მოსახლეობა იოდდეფიციტს სწორედ ამიტომ არ განიცდის. ზღვაზე დასვენება დადებითად აისახება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე. სწორედ ამიტომ არის რეკომენდირებული ზღვაზე დილით სეირნობა, მაშინ როცა მთელი ღამის განმავლობაში ზღვის ტალღების მოძრაობის შედეგად სანაპიროზე ჰაერი გაჯერებულია დიდი რაოდენობით იოდით. 

საინტერესოა როგორია ერთი დღის კვების რეჟიმი, რომელიც აგვაცილებს თავიდან იოდდეფიციტის პრობლემას?

ერთი დღის ოპტიმალური რაციონი იოდის დღიური ნორმით ასეთია: 2 ნაჭერი პური 45მკგ იოდს შეიცავს, ერთი ფინჯანი რძე 56 მკგ-ს, 1 ცალი კვერცხი 24 მკგ იოდისგან შედგება, 1/4 ჩაის კოვზი დაახლოებით 1,5 გრ იოდიზირებული მარილი კი 71 მკგ-ს, აღნიშნული რაციონი ჯამში 196 მკგ იოდისგან შედგება რაც სრულიად ავსებს იოდის დღიურ მოთხოვნილებას. 100გრ ორაგულის რაციონში ჩამატება კი იოდის მიღებას 60 მკგ-ით გაზრდის.იოდის დღიური ნორმა განსხვავდება ასაკის და სქესის შესაბამისად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია შემდეგი რეკომენდაციები: 

1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იოდის რეკომენდირებული დღიური რაოდენობაა 110-130 მკგ, 1 დან- 9 წლამდე 90მკგ, 9-დან 14 წლამდე 120 მკგ, 14 წლიდან კი 150 მკგ იოდი დღეში. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იოდზე მოთხოვნილება ცხადია გაზრდილია და დღიური ნორმა შეადგენს 200-290 მკგ-ს. 

იოდის დღიური ნორმის შევსება საკვები პროდუქტებით მარტივია, მთავარია მოხდეს მათი სწორი მომზადება და იოდის შემცველობის სრულად ათვისება დანაკარგის გარეშე.

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×