რეზონანსი
02.08.2020

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები დღეს საკმაოდ ხშირია. დროთა განმავლობაში იოდდეფიციტის პრობლემა აღმოიფხვრა, თუმცა, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადება მოსახლეობის დიდ ნაწილში დღემდე პრობლემად რჩება. 

ენდოკრინოლოგთან ფარისებრ ჯირკვალზე საუბარი უკვე შემოგთავაზეთ. ამჯერად კვანძოვან ჩიყვს, მის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას შევეხებით.

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

რით გამოირჩევა კვანძოვანი ჩიყვი სხვა სახის ჩიყვისგან ?

კვანძოვანი ჩიყვი დღეს საკმაოდ ხშირი პრობლემაა, რომელიც გულისხმობს ფარისებრ ჯირკვალში ერთი ან რამდენიმე კვანძის არსებობას, რის შესაბამისადაც ეწოდა კვანძოვანი ან მრავალკვანძოვანი ჩიყვი. 

თავად სიტყვა ჩიყვი ნიშნავს ფარისებრი ჯირკვლის მოცულობის გაზრდას, გადიდებას. 

კვანძოვანი ჩიყვის დროს შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის მოცულობა იყოს ნორმალური, ან შესაძლოა იყოს გადიდებული, რაც გულისხმობს დიფუზურ-კვანძოვან ჩიყვს. 

საკმაოდ ვრცელია კვანძოვანი ჩიყვის დიაგნოზების ჩამონათვალი. კვანძოვანი ჩიყვი შეიძლება განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ჰორმონალური სტატუსის მიხედვითაც. შესაძლებელია იყოს კვანძოვანი ჩიყვი და ამავდროულად ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალური დონე, ან შესაძლებელია იყოს კვანძოვანი ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქციის ფონზე (ჰიპოთირეოზი და კვანძოვანი ჩიყვი) და რა თქმა უნდა ასევე არის შემთხვევები როცა გაძლიერებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და ამავდროულად სახეზეა კვანძოვანი ჩიყვი.

პაციენტები ხშირად ნებისმიერ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებას ჩიყვად მოიხსენიებენ, რაც არასწორია. 

ჩიყვის დროს სწორედ ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა მის სრულ ჰორმონალურ (TSH, FT4, FT3 და სხვა საჭიროებისამებრ) და ექოსკოპიურ გამოკვლევას, რადგან არის შემთხვევები, როცა ნორმაშია ანალიზები და ექოსკოპიურად გამოხატულია ფარისებრი ჯირკვლის მოცულობის გაზრდა, გადიდება. 

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად: კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი. კვანძის არსებობა პაციენტებში ხშირად იწვევს შიშს და ოპერაციასთან ასოცირდება, თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ როგორი სახის კვანძია. საგულისხმოა მისი ზომა, ფორმა, ლოკალიზაცია და ულტრაბგერითი დახასიათება. იმის დასადგენად, თუ როგორი კვანძია, საჭიროა გაკეთდეს ფარისებრი ჯირკვლის კვანძის დამიზნებითი ასპირაციული ბიოფსია, რის შედეგადაც გაირკვევა კვანძი კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი. თავის მხრივ  ფარისებრი ჯირკვლის რამდენიმე სახის როგორც კეთილთვისებიანი ასევე ავთვისებიანი კვანძები არსებობს. მნიშვნელოვანია კვანძოვანი ჩიყვის ზუსტი დიაგნოსტიკა, სრული გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა, რაც ნებისმიერი სახის კვანძოვანი ჩიყვის არსებობის შემთხვევაში დადებითი პროგნოზით ხასიათდება.

რა ჩივილები გააჩნია კვანძოვან ჩიყვს?

კვანძოვანი ჩიყვის დროს ხშირად უჩივიან ყლაპვის გაძნელებას, ხმის ტემბრის შეცვლას, (დაქვეითებას). დიდი ზომის კვანძოვანი ჩიყვი ხშირად კისრის წინა ზედაპირის ასიმეტრიითაც ვლინდება. 

კვანძოვანი ჩიყვი რომლის დროსაც ასევე თანმხლებია ფარისებრი ჯირკვლის ფუქციის გაძლიერება ან დაქვეითება, ასევე იწვევს ისეთ დამატებით მნიშვნელოვან ურთიერთსაწინააღმდეგო ჩივილებს როგორიცაა: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, წონის კლება ან მატება, გულისცემის აჩქარება ან შენელება, უძილობა ან დღის ძილიანობა, დეფეკაციის გახშირება ან ყაბზობა, ტენიანი ან მშრალი კანი, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, ხელის თითების კანკალი (ტრემორი),  ემოციური ფონის ცვლილება, ადვილად გაღიზიანებადობა, ტირილიანობა. ქალბატონებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უშვილობა, სპონტანური აბორტები და სხვა ჩივილები. 

შესაძლოა თუ არა კვანძოვანი ჩიყვის არსებობა ჩივილების გარეშე?

მიუხედავად იმისა, რომ კვანძოვანი ჩიყვისთვის დამახასიათებელი ჩივილების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანია, არცთუ იშვიათად ხდება სრულიად შემთხვევით დაავადების გამოვლენა მკვეთრად გამოხატული სიმპტომების გარეშე. მაგალითად პროფილაქტიკური კვლევების დროს. 

დაავადების არსებობისას არ არის აუცილებელი ყველა სიმპტომის არსებობა, შესაძლებელია სრულიად მინიმალური ჩივილებით იყოს დაავადება გამოხატული. მაგალითად ჩიყვის დროს როცა არის ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქცია და გვაქვს მხოლოდ გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი, შესაძლოა საწყის ეტაპზე დაავადება არც გამოვლინდეს, სანამ მნიშვნელოვნად არ მოხდება ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გადიდება. 

როგორ ხდება კვანძოვანი ჩიყვის დიაგნოსტიკა?

კვანძოვანი ჩიყვის დიაგნოსტიკა ხდება ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევით. დაახლოებით 1 სანტიმეტრზე მეტი ზომის კვანძები ხელით გასინჯვითაც ისინჯება და შესაძლოა ვიზუალურადაც იყოს შესამჩნევი ნერწყვის ყლაპვის დროს. 

მცირე ზომის კვანძების (<1სმ) დიაგნოსტიკა ხდება ძირითადად ექოსკოპიით, რადგან მცირე ზომის კვანძები ხშირ შემთხვევაში ჩივილებს არ იწვევს. 

ექოსკოპიური კვლევით შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული ცვლილებების, გადიდების, კვანძოვანი წარმონაქმნების გამოვლენა, თუმცა გარდა ექოსკოპიისა, სწორი დიაგნოზისა და მიზნამიმართული მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია ჰორმონალური სტატუსის შეფასება. 

გასათვალისწინებელია როგორ ფუნქციონირებს ფარისებრი ჯირკვალი, რამდენად ნორმალური რაოდენობით გამოყოფს იოდის შემცველ ჰორმონებს.  

დიაგნოსტიკისას რამდენად აუცილებელია ბიოფსია?

ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ფუნქციური ბიოფსია კეთდება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. ყველა კვანძი ბიოფსიას, რა თქმა უნდა, არ საჭიროებს. მისი აუცილებლობა გამომდინარეობს პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად. მნიშვნელობა ენიჭება კვანძის ზომას, ფორმას, ულტრაბგერით აღწერილობას, პაციენტის ანამნეზურ მონაცემებს და გენეტიკურ წინასწარგანწყობას. 

ბიოფსია გახლავთ საუკეთესო შესაძლებლობა კვანძის შესაფასებლად. ხშირად უარყოფითი განწყობით ხვდებიან ბიოფსიის ჩატარებას, გამომდინარე უარყოფითი და ცუდის მოლოდინიდან, რაც არ არის გამართლებული. ბიოფსია არის მხოლოდ გამოკვლევა რომელიც ადგენს კვანძის სახეს. მისი ჩატარება უსაფრთხოა, არ საჭიროებს სპეციალურ მომზადებას. 

კვანძოვანი ჩიყვის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

კვანძოვანი და დიფუზური ჩიყვის მკურნალობა განსხვავებულია და ამავდროულად დამოკიდებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალურ სტატუსზე. შესაძლებელია როგორც მედიკამენტოზური, ასევე ქირურგიული მკურნალობის ჩატარება, რა თქმა უნდა, დიაგნოზის შესაბამისად. დღეს წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია  ფარისებრი ჯირკვლის როგორც გამოკვლევის ასევე მისი დაავადებების მკურნალობის რესურსი. 

ოპერაციული ჩარევა აუცილებელია დიდი ზომის კვანძოვანი ან დიფუზური ჩიყვის არსებ ობისას, რომელიც იწვევს ჩივილებს და ასევე ავთვისებიანი კვანძოვანი წარმონაქმნებისას (ფარისებრი ჯირკვლის კიბო). ქირურგიული მკურნალობა საკმაოდ კარგად და ხარისხიანად აგვარებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს. ფარისებრი ჯირკვლის ყველაზე ხშირი სიმსივნის პაპილარული კიბოს მკურნალობაც კი მაღალი ეფექტრობით და დადებითი პროგნოზით გამოირჩევა.

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×