რეზონანსი
13.09.2020

ვისცერალური გაცხიმოვნება ანუ მუცლის არეში გამოხატული ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი ერთ-ერთი გავრცელებული და მნიშვნელოვანი პრობლემაა პაციენტებისათვის. წელის გარშემოწერილობა, წონა, სიმაღლე და სხეულის მასის ინდექსი (BMI) არის მაჩვენებლები, რომელთა დარღვევაც ასოცირებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან და ინსულინრეზისტენტობის გამოვლენასთან. ამასთან დაკავშირებით ჩნდება არაერთი კითხვა.

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

რა პრობლემებს ქმნის ვისცერალური გაცხიმოვნება?

სიმსუქნის დროს ყურადღება მარტო წონას არ ექცევა. მხოლოდ სხეულის მასის ინდექსი საკმარისი არ არის. ასევე საყურადღებოა წელის გარშემოწერილობის განსაზღვრა, რადგან შესაძლოა BMI იყოს ნორმალური, მაგრამ წელის გარშემოწერილობა იყოს ნორმაზე მეტი, რაც არანაკლებ საყურადღებოა. ვისცერალური, იგივე აბდომინური გაცხიმოვნება, ანუ მუცლის არეში გამოხატული ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი, ე.წ “ღიპი” ზრდის შინაგანი ორგანოების გაცხიმოვნების რისკებს და შესაბამისად ზრდის დაავადებების განვითარების რისკსაც, როგორიცაა მაგალითად: ღვიძლის გაცხიმოვნება ანუ ცხიმოვანი ჰეპატოზი, მეტაბოლური სინდრომი, სისხლში შაქრის დონის მომატება, პრედიაბეტი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ქოლესტერინის ცვლის დარღვევა, არტერიული წნევის მომატება, სუნთქვის გაძნელება, ინსულინრეზისტენტობა და სხვა. ნორმაში წელის გარშემოწერილობა ქალებში 88 სმ-ზე, მამაკაცებში კი 102 სმ -ზე ნაკლებია.

სიმსუქნის დროს მნიშვნელოვანია შეფასდეს მეტაბოლური პროცესები ორგანიზმში. მეტაბოლური დარღვევები მოიცავს: ინსულინრეზისტენტობას, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევას (სისხლში შაქრის დონის მომატება), არტერიულ ჰიპერტენზიას (მაღალი არტერიული წნევა), დისლიპიდემიას (ქოლესტერინის ცვლის დარღვევას), განსაკუთრებით ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის დონის მომატებას, ვისცერალურ გაცხიმოვნებას (მუცლის არეში გამოხატული გაცხიმოვნება), სისხლის შედედების დარღვევას, საკვერცხის პოლიცისტურ სინდრომს.

თითოეული ადამიანი საკუთარ წონას თავისებურად აფასებს. სიმსუქნის დასადგენად არსებობს საერთაშორისო ფორმულა - სხეულის მასის ინდექსი ანუ BMI, რითიც ვნახულობთ ადამიანის წონა ნორმალურია თუ არა.

BMI-ს გამოსათვლელად წონა (კილოგრამი) უნდა გავყოთ სიმაღლის კვადრატზე (მეტრი), მაგალითად თუ წონა არის 98 კგ და სიმაღლე 1,70 მეტრი, 98 გაყოფილი 1,7 მ2 -ზე არის 33.9 კგ/მ2.

რაც უფრო მაღალია BMI, მით მეტად არის გამოხატული სიმსუქნე. BMI ნორმაში 18,5-25 კგ/მ2-მდეა, 25 დან-30 მდე არის ჭარბი წონა, 30-ზე მაღალი კი შეესაბამება I, II და III ხარისხის სიმსუქნეს. III ხარისხის სიმსუქნე არის მორბიდული, უკიდურესად მძიმე ხარისხის სიმსუქნე. 18,5-ზე ნაკლები კი შეესაბამება წონის დეფიციტს.

რა იწვევს მუცლის არეში ცხიმების დაგროვებას?

ამის მიზეზი უმთავრესად ინსულინრეზისტენტობაა, რაც საკმაოდ ხშირად გვხვდება. ამ დროს გაძნელებულია ინსულინისა და გლუკოზის ურთიერთკავშირი, ვერ ხდება გლუკოზის ქსოვილებთან დაკავშირება. რის საპასუხოდაც პანკრეასი ზრდის დატვირთვას და იწყებს ინსულინის ჭარბი რაოდენობით სეკრეციას. კუჭქვეშა ჯირკვალს შეუძლია კომპენსატორულად მუშაობა და სისხლში შაქრის დონის ნორმის ფარგლებში შენარჩუნება ხანგრძლივად, თვეების და წლების განმავლობაში, მაგრამ თუ არ ხდება ინსულინრეზისტენტობის მოგვარება, პანკრეასი გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა უკვე ვეღარ ახერხებს კომპენსატორულად გაძლიერებული დატვირთვით მუშაობას და სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებას, ვითარდება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. 

საკვების ყოველი მიღებისას, (განსაკუთრებით კი ტკბილეულის და ცომეულის), სისხლში შაქრის დონე იმატებს. ამის საპასუხოდ პანკრეასი გამოყოფს ჰორმონ ინსულინს, რომლის ფუნქციაც გახლავთ გლუკოზის ანუ სისხლში არსებული შაქრის სხვადასხვა ქსოვილებამდე მიტანა. ინსულინს გადააქვს გლუკოზა ქსოვილებამდე, რითიც ხდება თავიდან არიდება სისხლში შაქრის დონის მომატების, ხოლო თითოეული ორგანოსთვის კი გლუკოზა ენერგიის წყაროა. ინსულინის გამოყოფა ხდება ორგანიზმში მიღებული საკვების რაოდენობის შესაბამისად. როცა საკვების მიღება ხდება ხშირად, მუდმივი სუსნაობის პირობებში, ინსულინის გამოყოფაც შესაბამისად ინტენსიურია. ინსულინის მაღალი დონე კი ხელს უწყობს მუცლის არეში ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბად განვითარებას. 

ინსულინი აძლიერებს მადას, იზრდება საკვების მიღების მოთხოვნილება და წონის მატება. ინსულინის ჰიპერსეკრეცია ხელს უშლის წონის კლებას, თრგუნავს ლიპოლიზს ანუ “ცხიმის წვას”, შედეგად კი ირღვევა ნივთიერებათა ცვლა (მეტაბოლიზმი).

ე.წ “ღიპი” დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილის პრობლემაა, იგი აღინიშნება უმეტესად მამრობითი სქესის პირებში, თუმცა არც თუ  ისე იშვიათად ქალებშიც. პრობლემის დასაწყისი ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდა ასაკია, წლების მატებასთან ერთად კი თუ ადამიანი არ ცდილობს პრობლემის დროულ მოგვარებას, ცხიმოვანი ქსოვილის რაოდენობა იმატებს და იზრდება მეტაბოლური დარღვევების რისკი. 

ვისცერალური გაცხიმოვნება ძირთადად არის პასიური ცხოვრების წესის შედეგი. ალკოჰოლური სასმელების ხშირი მოხმარება კიდევ უფრო ზრდის წელის გარშემოწერილობას. 

რა გავლენა აქვს ვისცერალურ გაცხიმოვნებას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე?

ვისცერალური გაცხიმოვნება მნიშვნელოვნად აუარესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, ზრდის არტერიული წნევის მომატების რისკს. წონის მატებასთან ერთად არტერიული წნევის ციფრები იმატებს და ხშირად არის მიზეზი ჰიპერტონული დაავადების გამოვლენის.

გაცხიმოვნების ფონზე ირღვევა ლიპიდური სპექტრი ანუ იმატებს “ცუდი” ქოლესტერინის დონე და მცირდება “კარგი” ქოლესტერინის დონე სისხლში. დისლიპიდემიის (ანუ დარღვეული ლიპიდური სპექტრის) შესაბამისად ორგანიზმში ვითარდება ათეროსკლორიზული ცვლილებები, ანუ სისხლძარღვებში ხდება ცხიმოვანი მასების ჩალაგება, რაც დროთა განმავლობაში ეტაპობრივად აუარესებს სისხლის გამავლობას. ათეროსკლოროზული ფოლაქით შესაძლებელია სისხლძარღვთა სრული დახშობა და შესაბამისად ინფარქტის ან ინსულტის გამოვლენა, იმის მიხედვით თუ რომელი ორგანოს სისხლძარღვის დახშობას გამოიწვევს ათეროსკლეროზული ფოლაქი. 

აბდომინური, იგივე მუცლის გაცხიმოვნება აუარესებს სისხლის შედედებას. სიმსუქნე ხასიათდება ჰემოსტატიკური დარღვევებით სისხლის შედედების სისტემაში, რაც მოიცავს თრომბოციტების გაძლიერებულ აქტივაციას, თრომბოციტების რაოდენობის მომატებას, შედედების ფაქტორების დარღვევას და ფიბრინოლიზის დაქვეითებას. სისხლის შედედების აღნიშნული დარღვევების ფონზე იზრდება რისკი თრომბწარმოქმნის, სისხლის მიმოქცევის გართულების, ხოლო სისხლძარღვთა თრომბით დახშობის შემთხვევაში, ისევე როგორც დისლიპიდემიის დროს ვითარდება ინფარქტი ან ინსულტი.

მუცლის ღრუში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანო არის ღვიძლი, რომლის ნორმალურ ფუნქციონირებას ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აბდომინური გაცხომოვნების დროს კი ხშირ შემთხვევაში ასევე აღინიშნება ღვიძლის ცხიმოვანი ჰეპატოზი, რაც შემდგომში ხასიათდება ღვიძლის ფუნქციების დარღვევით. 

როგორ დავძლიოთ ვისცერალური გაცხიმოვნება?

მნიშვნელოვანია ზრუნვა ჯანმრთელობაზე ახალგაზრდა ასაკიდან. სიმსუქნე, განსაკუთრებით მუცლის არეში გამოხატული გაცხიმოვნება საკმაოდ სერიოზული გართულებების და დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. სწორედ ამიტომ სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ჯანსაღი ცხოვრების წესს და სწორ ბალანსირებულ ჯერად კვებას. ალკოჰოლური სასმელების, სწრაფი კვების პროდუქტების, ცხოველური ცხიმის გამოყენება მინიმუმადე უნდა იყოს შემცირებული. რეკომენდირებულია გაიზარდოს ფიზიკური აქტივობა. 

ამ მარტივი რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაძლებელია მრავალი ქრონიკული დაავადების პრევენცია. უმჯობესია თავიდან ავიცილოთ ქრონიკული დაავადებები, შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე. 

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×