რეზონანსი
11.10.2020

საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ თაფლი უნივერსალური პროდუქტია. თაფლს მართლაც მრავალმხრივი სასარგებლო თვისებები გააჩნია. მას ხშირად მოიხმარენ ხელოვნური დამატკბობლების ან რაფინირებული შაქრის მაგივრად, თუმცა, შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში თაფლის მიღება არაა სასურველი, ამ საკითხთან მიმართებაში ჩნდება უამრავი კითხვა.

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

რა განაპირობებს თაფლის, როგორც საკვები პროდუქტის პოპულარობას?

თაფლი სასარგებლო საკვები პროდუქტია, რომელიც ხასიათდება ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ თაფლი ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პათოგენური მიკრორგანიზმების გამრავლებას, როგორიცაა მაგალითად ნაწლავის ჩხირი და სალმონელა, ასევე აფერხებს მავნე ბაქტერიების გამრავლებას (Staphylococcus aureus and Pseudomonas aeruginosa). 

თაფლს ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები იყენებდნენ სამკურნალოდ ჭრილობების დამუშავებისას და ხველის დროს. ასევე თაფლით ახდენდნენ ბალზამირებას. 

თაფლი შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, თაფლის დაახლოებით 70-80% შაქარია (უპირატესად ფრუქტოზა და გლუკოზა, ასევე მალტოზა და საქაროზა). ასევე შეიცავს წყალს,  ვიტამინებს, მინერალებს, ცილებს, ამინომჟავებს (კალიუმი, კალციუმი, თუთია, C ვიტამინი და ანტიოქსიდანტები). 

მიუხედავად იმისა, რომ თაფლის მხოლოდ 1 % უკავია სასარგებლო ნივთიერებებს, მისი დადებითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე მრავალმხრივია. სწორედ ამ შემადგენლობის წყალობით არის თაფლი უნიკალური სასარგებლო პროდუქტი. 

თაფლი რაფინირებული შაქრისაგან განსხვავებით ხასიათდება სასარგებლო თვისებებით. გლიკემიური ინდექსი თაფლს შაქართან შედარებით მცირედ ნაკლები აქვს. (თაფლის გლიკემიური ინდექსი 58, რაფინირებული შაქრის კი 60). 1 სუფრის კოვზი თაფლი (21 გრამი) არის 65 კკალ, შეიცავს 17 გრამ შაქარს.

თაფლის ფერი, გემო და არომატი დამოკიდებულია თუ რომელი მცენარის ყვავილების ნექტრისგან არის მიღებული. შესაბამისად განასხვავებენ აკაციის, ცაცხვის, წაბლის და სხვა სახის თაფლს.

რა კონკრეტული სარგებელი აქვს თაფლს ადამიანის ჯანმრთელობისათვის?

თაფლი ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის და სიმსივნური დაავადებების განვითარებას, რადგან აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება ფენოლის მჟავის შემცველობის ხარჯზე, რომელსაც აქვს ფლავონოიდების მსგავსი მოქმედების ეფექტი. ზომიერი რაოდენობით მირთმეული თაფლი ასევე დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე. ამცირებს ცუდ ქოლესტეროლს (LDL) და ზრდის კარგი ქოლესტეროლის (HDL) დონეს სისხლში. ანტიოქსიდანტების დახმარებით აუმჯობესებს არტერიულ წნევას. გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართული მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესი სწორედ ნორმალური არტერიული წნევაა. 

თაფლი ამცირებს არტერიულ წნევას. შესაბამისად, დაბალი არტერიული წნევის დროს თაფლიანი წყლის მიღება რეკომენდირებული არ გახლავთ, რადგან გამოიწვევს არტერიული წნევის შემცირებას. 

გარდა ამისა, თაფლი აქტიურად გამოიყენება სახის მოვლისას. იგი შედის სახის ნიღბების შემადგენლობაშიც, რადგან აქვს დამატენიანებელი მოქმედება. განსაკუთრებით ეფექტურია მშრალი სახის კანის დროს. თაფლი აბალანსებს კანის მდგომარეობას, ხსნის ფორებს და ანტიბაქტერიული მოქმედების გავლენით იდეალურად ახდენს აკნეს პრევენციას. ასევე აჩქარებს უჯრედთა აღდგენას და შეხორცებით პროცესებს. 

რამდენად სასურველი პროდუქტია თაფლი დიაბეტით დაავადებულთათვის?

თაფლის გამოყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირებისთვის არ არის სარგებლო, რადგან როგორც თაფლის, ასევე შაქრის მიღება იწვევს სისხლში შაქრის დონის მომატებას. თაფლი ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად ტკბილია, ვიდრე იგივე ოდენობის რაფინირებული შაქარი. 

ხშირად მიიჩნევენ, რომ რადგან ნატურალური თაფლი სასარგებლოა, მისი მირთმევა დაშვებულია დიაბეტიანი პირებისთვის. რაც რა საკვირველია არ არის მართებული. ნებისმიერი სახის თაფლი, ნატურალური თუ ხელოვნურად დამზადებული არ არის რეკომენდირებული და არ არის სასარგებლო იმ პირებისთვის, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, პრედიაბეტი ან ინსულინრეზისტენტობა. თუმცა, მცირე რაოდენობით და გასინჯვის დონეზე, რა თქმა უნდა, დაშვებულია (არა ყოველდღიურად, იშვიათად, გამონაკლისის სახით). 

ნატურალური თაფლი სასარგებლოა მხოლოდ მათთვის ვისაც არ აწუხებს შაქრის ცვლის დარღვევა. შაქრიანი დიაბეტის დროს პაციენტებს მართებთ მეტი სიფრთხილე დიეტის დაცვისას. ნებისმიერი შაქრის შემცველი პროდუქტი ნატურალური თაფლის ჩათვლით ზრდის გლიკემიის დონეს და აუარესებს შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. განსაკუთრებით ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის არსებობის შემთხვევაში. 

ზოგ შემთხვევაში თაფლი ხასიათდება ალერგიული რეაქციითაც, შესაბამისად ალერგიული პირებისთვის თაფლის მიღება საჭიროებს მეტ სიფრთხილეს. 

რამდენად მართებულია მოსაზრება, რომ თაფლიანი ჩაი გაციებისას უებარი საშუალებაა?

გაციების დროს ჩაის მიღება ნამდვილად უებარი საშუალებაა, მაგრამ თაფლის ცხელ წყალში შერევა არ არის რეკომენდირებული, რადგან თაფლი 40 გრადუს ცელსიუსზე გაცხელებისას კარგავს სასარგებლო თვისებებს და ასევე გამოყოფს მავნე ქიმიურ ნივთიერებას. თაფლიანი ცხელი ჩაი ხასიათდება კანცეროგენული მოქმედებით, აჩქარებს ონკოლოგიური პროცესების მიმდინარეობას და არ არის სასურველი მისი მიღება. 

ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით ხშირია სეზონური გრიპის შემთხვევები. ხშირად მოიხმარენ თაფლიან ცხელ ჩაის გაციების ჩივილების შესამცირებლად, რაც არასასურველია. 

თაფლიანი ჩაის მიღება უებარი საშუალება არ არის. უმჯობესია თაფლი მიირთვათ ჩაისგან დამოუკიდებლად, რათა სრულად შენარჩუნდეს თაფლის სასარგებლო თვისებები. ცივ სითხეებში (რძე, წყალი) თაფლის დამატება რეკომენდირებულია. თუ გაგრილებულ ჩაის დავუმატებთ თაფლს, ზიანის მომტანი არ იქნება. 

თაფლიანი ჩაის ნაცვლად უმჯობესია თაფლიანი წყლის მიღება. თაფლიანი წყალი სრულად ინარჩუნებს თაფლის სასარგებლო თვისებებს. თაფლიანი წყალი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, აძლიერებს იმუნური სისტემას, ზრდის შრომისუნარიანობას, ამცირებს არტერიულ წნევას, ამშვიდებს ემოციურ ფონს, ამცირებს სტრესს და ხასიათდება ანტიბაქტერიული მოქმედებით. 

თაფლიანი წყლის მოსამზადებლად 1 ჩ.კ თაფლი უნდა გაიხსნას 1 ფინჯან ოთახის ტემპერატურის წყალში. თაფლიანი წყლის მომზადების შემდეგ მის მიღებამდე უმჯობესია მისი გაჩერება 5-10 წუთი. საკმარისია 15-20 დღე თაფლიანი წყლის მიღება დილით უზმოდ ან საღამოს ძილის წინ. არაა სასურველი ხანგრძლივად მისი მიღება. 

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×